ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№382აპ-13 26 მარტი, 2013 წელი
ბ-ი გ, 382აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენით გ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლისა და 6 თვის ვადით.
მას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2012 წლის 20 მარტიდან.
მასვე დამატებითი სასჯელის სახით ავტომანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმის სახით დაეკისრა 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულმა გ. ბ-მა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
განაჩენით გ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დადგენილად ცნეს, რომ 2011 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13.50 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე გამავალ კოდა–წალკის მხრიდან მოძრაობდა გ. ბ-ი თავისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა „მანით“, სახ. №, რომელიც თბილისის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების მიზნით, გადავიდა -ის საავტომობილო გზაზე, ანუ მთავარ გზაზე, რა დროსაც არ დაუთმო გზა გადასაკვეთ გზაზე თბილისის მხრიდან მარნეულის მიმართულებით მოძრავ ა. ყ-ის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ფურგონს –„ფორდ–ტრანზიტს“, სახ. №; აღნიშნულით გ. ბ-მა დაარღვია „საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის“ პრიორიტეტული ნიშნის 2.4. –„დაუთმეთ გზა“ მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. გ. ბ-ის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის გამო, ა. ყ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი შეეჯახა გ. ბ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. შეჯახების შედეგად ა.ყ-ი ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლომ გ. ბ-ის ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო სხდომაზე დაკითხული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. ყ-ის, მოწმეების: კ. ბ-ის, ი. ჩ-ის, თ. ნ-ის, მოწმედ დაკითხული ექსპერტების: დ. გ-ის, ლ. ჭ-ს, გ. ო-ის ჩვენებებით, ასევე გამოძიებით დანიშნული და ჩატარებული სატრანსპორტო ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით.
სასამართლო განაჩენში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული მტკიცებულებების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დასაშვებობის საკითხი დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
მსჯავრდებულმა გ. ბ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი უდანაშაულოა, საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზები ჩატარებულია ტენდენციურად და არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი, საქმეზე დაერთო და გამოეკვლია დაცვის მხარის მიერ დანიშნული და ჩატარებული ალტერნატიული ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ადასტურებენ მის უდანაშაულობას.
ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს დაცვის მხარის მიერ დანიშნული და ჩატარებული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საქმეზე დართვას, ექსპერტების: რ. ვ-ის და გ. კ-ის მოწმეთა სახით დაკითხვას, სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ ეთანხმება გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მასზე დართული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის სქემატური ნახაზით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეთა და მოწმედ დაკითხული ექსპერტების ჩვენებებით მსჯავრდებულისათვის ინკრიმინირებული ქმედება დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა მას უარი დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ალტერნატიული ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზების მტკიცებულად დასაშვებობაზე და ექსპერტიზების ავტორთა მოწმედ დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაბუთებულად და კანონიერად უთხრა მას უარი ახალი მტკიცებულების გამოკვლევაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.
იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე – გ. ყ-ი წინააღმდეგია გ. ბ-ზე სრულად გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ამნისტია, პალატა ხელმძღვანელობს ამავე კანონის მე–16 და მე–18 მუხლებით დადგენილი პირობებით, რომელთა თანახმადაც, მსჯავრდებულს ¼–ით უნდა შეუმცირდეს დადგენილი ძირითადი და დამატებითი სასჯელი, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 303–ე მუხლის მე–6 ნაწილით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16, მე–18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ¼–ით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.
გ. ბ-ს საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2012 წლის 20 მარტიდან.
დამატებით სასჯელად ავტომანქანის მართვის უფლება გ. ბ-ს ჩამოერთვას – 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის ვადით.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ბ. ალავიძე