ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№45აპ-13 15 მარტი, 2013 წელი
პ-ი ლ, 45აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ლ. პ-ი, დაბადებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მისთვის ინკრიმინირებულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენით დადგენილ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3391–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 10 თვის ვადით და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით ლ. პ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 10 თვის ვადით.
ლ. პ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2012 წლის 10 იანვრიდან.
განაჩენით ლ. პ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეში:
2011 წლის აგვისტოში ხ. ჟ-ამ თავისი და მამამისის ო. ჟ-ას კანონიერი ინტერესების დასაცავად დახმარებისათვის მიმართა ადვოკატ ლ. პ-ს. ამ უკანასკნელმა შეიტყო რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით განიზრახა ხ. ჟ-ას კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლება და შეჰპირდა მას, რომ პროკურატურაში მომუშავე მისი გავლენიანი მეგობრების დახმარებით „მოაგვარებდა“ საქმეს, თავიდან აარიდებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ამისათვის საჭირო იქნებოდა ფულადი თანხა, რომლის ოდენობასაც დაადგენდა რამდენიმე დღეში, ხოლო საქმის გასარკვევად საჭირო ხარჯებისათვის წინასწარ გამოართვა 1000 ლარი.
2011 წლის 23 აგვისტოს ლ. პ-ი დაუკავშირდა ხ. ჟ-ას და შეხვედრისას დაარწმუნა, რომ მას პროკურატურის მაღალჩინოსნის მძღოლის საშუალებით უკვე „მოგვარებული“ ჰქონდა საქმე და აღარ დადგებოდა მამა–შვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რისთვისაც დამატებით საჭირო იყო 9000 ლარის მისთვის გადაცემა. ხ. ჟ-მ თანხმობა განუცხადა და 2011 წლის 24 აგვისტოს სრულად გადასცა მოთხოვნილი თანხა – 9000 ლარი ლ. პ-ს, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ ლ. პ-მა შეადგინა ფიქტიური ხელშეკრულება შპს „სი–ემ–სი პროდაქშენის“ იურიდიული მომსახურების შესახებ. მიუხედვად ლ. პ-ის დაპირებისა, რომ მამა–შვილის პროკურატურაში დასაკითხადაც არ დაიბარებდნენ, 2011 წლის 26 აგვისტოს პროკურატურაში დაიბარეს და ბრალდებულებად პასუხისგებაში მისცეს ხ. და ო. ჟ-ი და გ. ს-ე.
ხ. ჟ-ა დარწმუნდა, რომ ლ. პ-მა იგი მოატყუა მოსთხოვა მას გამორთმეული ფულის დაბრუნება, თუმცა მიუხედავად დაპირებისა, ლ. პ-მა ხ. ჟ-ას ფული არ დაუბრუნა.
სასამართლომ ლ. პ-ის ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ხ. ჟ-ას, მოწმეების: ე. ჟ-ის, ო. ჟ-ას, გ. გ-ის, გ. დ-ის ჩვენებებით, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით. მსჯავრდებულმა ლ. პ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენით ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ლ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა 1/4–ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით.
მას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა განესაზღვრა დაკავების –დღიდან 2012 წლის 10 იანვრიდან.
სააპელაციო სასამართლოს ამავე განაჩენით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–10 მუხლის თანახმად, ლ. პ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3391–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე მსჯავრდებულმა ლ. პ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში კასატორი აღნიშნავს, რომ იგი უდანაშაულოა, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის კანონიერებაზე, არ გაიზიარა მისი არგუმენტები იმის შესახებ, რომ მას ხ. ჟ-ასთან დადებული ჰქონდა ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. ამასთან, დაზარალებულს ამ პერიოდისათვის მის მიმართ არ გააჩნია რაიმე სახის პრეტენზია და თანახმაა, მასზე გავრცელდეს 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს ლ. პ-ის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას მისი უდანაშაულობის შესახებ.
საქმეში არ არსებობს რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლ. პ-მა, როგორც მამა–შვილ – ხ. და ო. ჟ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რაიმე სახის სამართლებრივი დახმარება გაუწია კლიენტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის ლ. პ-ის მიერ დადებული ხელშეკრულება ფიქტიური იყო. მას არ მოუძიებია და არ შეუკრებია მასალები სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქო საქმის წარმოებისათვის, არწმუნებდა დაზარალებულს, რომ საქმე „მოგვარებული“ ჰქონდა პროკურატურაში და იქ არ დაიბარებდნენ. სანაცვლოდ კი ვითომდა ამ საჭიროებისათვის წინასწარ გამორთმეული ჰქონდა ფულადი თანხა, რის დაბრუნებასაც ხ. ჟ-ა სისტემატურად და უშედეგოდ მოითხოვდა ლ. პ-ისაგან მამის – ო.ჟ-ას დაპატიმრების შემდეგ. ამ ხერხით ხ. ჟ-ას მოტყუების ფაქტი სრულყოფილად არის დადასტურებული სასამართლოს მიერ დაკითხული დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული მასალებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ. პ-ი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ვინაიდან დაზარალებული ხ. ჟ-ია თანხმობას აცხადებს მის მიმართ გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ლ. პ-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის – მოხდისაგან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი