განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№7581-13 22 მარტი, 2013 წელი
ა-ი ლ, 7581-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - გ. ფ-ს
ადვოკატ - ა. ჯ-ს
მსჯავრებულ - ლ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-ს საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ა-ს, მძიმე ავადმყოფობის გამო, გადაუვადდა განაჩენის აღსრულება გამოჯანმრთელებამდე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2001 წლის 17 ივლისის № დასკვნისა და შპს „ი-ს“ დირექტორის 2002 წლის 3 ივნისის №-ე ცნობის საფუძველზე და მას დაევალა, ყოველ სამ თვეში ერთხელ სასამართლოში წარედგინა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიდან ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ა-ს დაევალა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, წელიწადში ერთხელ საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყოველი წლის 15 დეკემბრამდე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს თელავის რაიონულ სასამართლოში მის მიმართ განაჩენის აღსრულების საკითხის გადასაწყვეტად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ლ. ა-ი დაბრუნებულ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში, მის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის (4 წლისა და 2 თვის) მოსახდელად იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მსჯავრდებულ ლ. ა-ს არც 2010 წლის 15 დეკემბრამდე და არც მას შემდეგ არ წარუდგენია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ლ. ა-ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა.
ლ. ა-ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა.
ლ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით ერთი მეოთხედით შეუმცირდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 1თვითა და 15 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 ნოემბრიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
მსჯავრდებულ ლ. ა-ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.
მსჯავრდებულ ლ. ა-ს დანიშნული სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2001 წლის 27 თებერვლიდან 2002 წლის 27 დეკემბრამდე შინაპატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში, რაც შეადგენს 1 წელსა და 10 თვეს, ხოლო მოსახდელად დარჩა 2 წელი და 8 თვე.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულ ლ. ა-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს 2011 წლის 2 ნოემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ა-ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.
მსჯავრდებულ ლ. ა-ს დანიშნული სასჯელიდან - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან - 2001 წლის 27 თებერვლიდან 2002 წლის 27 დეკემბრამდე შინაპატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში, რაც შეადგენს 1 წელსა და 10 თვეს, ხოლო მოსახდელად დარჩა 2 წელი და 8 თვე.
საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულ ლ. ა-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2011 წლის 2 ნოემბრიდან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე