განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 22.03.2013
საქმის ნომერი
2კ-764-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7641-13 23 მარტი, 2013 წელი

ნ-ე გ 7641-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ფ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

გ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. ნ-ს პირადი საქმე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ნ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გ. ნ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 9 თვით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 3 თვე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ნ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16 მუხლებით.

ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ნ-ს, წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით დანიშნული პირობითი სასჯელის - 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 3 წელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ნ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით დანიშნული პირობითი სასჯელის - 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 წელი, რომლის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 6 მაისიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. ქათამაძე