დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2013
საქმის ნომერი
2კ-883-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№8831-13 28 მარტი, 2013 წელი

ყ-ი კ, 8831-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ფ-ის

ადვოკატ - გ. გ-ის

თარჯიმან – ქ. ა-ას

მსჯავრდებულ _ კ. ყ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ყ-ის საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 მარტის განაჩენით კ. ყ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 1331- ე მუხლის მე- 2 ნაწილით - 10 წლით, 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 10 წლით, ხოლო 19, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ნაწილობრივი შეკრების წესით, კ. ყ-ს სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 22 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით კ. ყ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

კ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 1331 - ე მუხლის მე- 2 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების დანარჩენ ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით კ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი, 9 თვე, 17 დღე და საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მე-6 ნაწილით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

2011 წლის 18 თებერვალს რუსეთიდან ექსტრადირებულმა კ. ყ-მა დაარღვია ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა, რომლის აღდგენაზეც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 ივლისის დადგენილებით ეთქვა უარი.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით კ. ყ-ის მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე კ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებით და 19, 1331-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (პატიმრობაში ყოფნის დროის – 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით) და მოსახდელად განესაზღვრა 12 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ყ-ს ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს საქართველოს შესაბამისი ორგანოებისათვის მისი ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან. მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადირების მიზნით მას პატიმრობის ვადა ჩაეთვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე კ. ყ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გამოყენება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, 1/4-ით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული კანონის მე-16 მუხლით და მსჯავრდებულ კ. ყ-ს 1/4-ით შეუმცირა საქართველოს სსკ-ის 19,104-ე მუხლის 1-ლი, მე-7 პუნქტებითა და 19, 1331-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (პატიმრობაში ყოფნის დროის – 2000 წლის 13 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე პერიოდის გათვალისწინებით) და სასჯელად კანონიერად განუსაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

გ. შავლიაშვილი