დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9091-13 27 მარტი, 2013 წელი
ა-ი მ, 9091-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ი. მ-ს
ადვოკატ - ი. ბ-ის
თარჯიმან - ე. მ-ს
მსჯავრდებულ - მ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 აპრილის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
მ, ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 4 მარტიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, რის შესახებაც ეცნობოთ შესაბამის ორგანოებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განაჩენით მ. ა-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 1 წლითა და 6 თვით და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული მ. ა-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. ა-ი არის ადრე ნასამართლევი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 135-ე მუხლით, 136-ე მუხლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 133-ე მუხლით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე