დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№9721-13 29 მარტი, 2013 წელი
დ-ე გ, 972-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
ადვოკატ – გ. რ-ის
მსჯავრდებულ _ გ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში აღნიშნული უფლებები; გ. დ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. დ-ე გათავისუფლდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; გ. დ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას ან ამ მუხლით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანით შეცვლას და მის შემცირებას ერთი მეოთხედით იმ მოტივით, რომ დანიშნული სასჯელი რეალურად არ შემცირებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლების შემთხვევაში პირი უნდა გათავისუფლდეს 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით არ იარსებებდა ამავე კანონის მე-8 მუხლი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევები სხვადასხვაა, კერძოდ: მე-8 მუხლის საფუძველზე პირი თავისუფლდება სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნიშნით და ამასთანავე, პირი არ არის ადრე ნასამართლევი განზრახი, არანარკოტიკული დანაშაულისათვის. რაც შეეხება მე-13 მუხლს, ამ მუხლის საფუძველზე პირი თავისუფლდება სსკ-ის 260-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან ყველა შემთხვევაში (ნასამართლობისა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიუხედავად), თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია 262-ე მუხლით. კანონი გარკვევით მიუთითებს, რომ სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან პირი სრულად არ თავისუფლდება და ეს სასჯელი უნდა შემცირდეს მხოლოდ ერთი მეოთხედით. გარდა ამისა, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანით შეცვლას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი