დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.03.2013
საქმის ნომერი
2კ-975-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

9751-13 29 მარტი, 2013 წელი

შ-ე ი. , 9751-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ბ-ის

მსჯავრდებულ _ ი. შ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ი. შ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4.000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ი. შ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4.000 ლარი.

ი. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.

ი. შ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ი. შ-ეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 13 იანვრის განჩინებით ი. შ-ის საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინების გადასიჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ი. შ-ეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 13 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ი. შ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 თებერვლიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინების თაობაზე ი. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან ითხოვა ჩამორთმეული უფლებების აღდგენა და დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 33–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით“.

იმის გათვალისწინებით, რომ ი. შ-ე საქმის მასალების მიხედვით, ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და ახალი დანაშაულის ჩადენისას მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა, მასზე კანონიერად ვერ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლში აღნიშნულია: ,,პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან ი. შ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ვერ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნები, ქუთაისის საქლაქო სასამართლომ კანონიერად დატოვა უცვლელად ზემოაღნიშნული მე-19 მუხლით ჩამორთმეული უფლებები.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი