განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№11321-13 5 აპრილი, 2013 წელი
ბ-ა თ., 11321-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ თ. ბ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლით მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ თ. ბ-ას განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 ივნისიდან.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული თ. ბ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – გაუნახევრდა და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; თ. ბ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა სსკ-ის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო მე-18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით თ. ბ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 2 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ბ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის მე-18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-12 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. ბ-ასთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრება, ხოლო სსკ-ის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის ერთი მესამედით შემცირება კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 18,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, პალატა აღნიშნავს, რომ თ. ბ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს აღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოო სასჯელად - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ბ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ-ას გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 18,323-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. ბ-ას საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე