დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1196-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#270ap №11961-13 9 აპრილი, 2013 წელი

ქ-ე თ.- 11961-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

მსჯავრდებულ - თ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ქ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივლისის განაჩენით თ. ქ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით, 105-ე მუხლით - 8 წლით, ხოლო მე-17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ - 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; თ. ქ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 26 მაისიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის განაჩენი შეიცვალა: თ. ქ-ეს სსკ-ის 105-ე მუხლითა და მე-17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება თ. ქ-ისათვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ქ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 105-ე მუხლითა და მე-17,104-ე მუხლის მე-4 პუნქტით დანიშნული 11 წელი და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული 3-3 წელი, რის გამოც განესაზღვრა 2-2 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე თ. ქ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 26 მაისიდან.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ იმ მოტივით, რომ არასწორადაა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ქ-ეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეუმცირდა დანიშნული სასჯელები, მაგრამ მას სასჯელი განსაზღვრული ჰქონდა სასჯელთა სრულად შეკრების შედეგად. მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი - 15 წელი - განესაზღვრა იმის გამო, რომ ადრე მოქმედი კოდექსი დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ამ ზომაზე მეტს არ ითვალისწინებდა. ამდენად, თ. ქ-ეს საბოლოოდ უნდა განსაზღვროდა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ვინაიდან მას დაენიშნა ამ სასჯელზე უფრო ნაკლები - 11 წელი და 3 თვე - გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება თ. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი