განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№13791-13 19 აპრილი, 2013 წელი
გ-ი ა.- 13791-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თ. ჯ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით ა. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით, ხოლო 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2001 წლის 25 აპრილიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ზომის - 2 წლის, 8 თვისა და 8 დღის - ნაწილი და განესაზღვრა 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 24 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 6 თვე, 7 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით, 6 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 აპრილიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ა. გ-ს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 3 თვე, 2 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით, 3 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 23 ივლისიდან.
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის აღნიშნულ განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 17 წელი, 3 თვე, 2 დღე და განესაზღვრა 12 წლით, 11 თვითა და 9 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 23 ივლისიდან.
ა. გ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მას სასჯელი უნდა შემცირებოდა თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. გ-ის მიმართ ყოველი მომდევნო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შემცირებას ექვემდებარება დანიშნული სასჯელი და არა - მისი მოუხდელი ნაწილი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის შემცირება არასწორია.
აღნიშნული კანონის საფუძველზე მსჯავრდებულს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები - 1 წელი და 7 წელი და 6 თვე და განესაზღვროს 9 თვით და 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან აღნიშნული განაჩენით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი, ა. გ-ს უნდა განესაზღვროს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი, 2001 წლის 25 აპრილიდან 2006 წლის 24 თებერვლამდე მოხდილი ზომის გათვალისწინებით, შეადგენს 9 თვესა და 15 დღეს. ამ ზომის მომდევნო განაჩენზე დასამატებელი პროპორციული წილი შეადგენს 5 თვესა და 21 დღეს.
ა. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული 8 წელი და უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 5 თვე, 21 დღე და უნდა განესაზღვროს 6 წლით, 5 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა აეთვალოს 2006 წლის 24 თებერვლიდან.
მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებით დანიშნული 10 წელი და უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული 6 წლის, 5 თვისა და 21 დღის 2008 წლის 23 ივლისამდე მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 21 დღე და ა. გ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 11 წლით, 6 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 23 ივლისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 1 (ერთი) წელი და განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 7 (შვიდი) წელი, 6 (ექვსი) თვე და განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით, 7 (შვიდი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული 8 (რვა) წელი და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 (ხუთი) თვე, 21 (ოცდაერთი) დღე და განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
ა. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი, მე-5 ნაწილებით დანიშნული 10 (ათი) წელი და განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული სასჯელის 2008 წლის 23 ივლისამდე მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წელი, 21 (ოცდაერთი) დღე და ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა;
ა. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 23 ივლისიდან.
გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი