განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 30.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1514-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15141-13 30 აპრილი, 2013 წელი

ს-ე დ.- 15141-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჯ-ის

მსჯავრდებულ _ დ. ს-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 1997 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 78-ე, 133-ე მუხლებით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-4 ნაწილებით, 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 236-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2001 წლის 20 სექტემბერს დ. ს-ე გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 20 აპრილის განაჩენით დ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა - 400 ლარი; სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელი, ხოლო 109-ე მუხლითა და 379-ე მუხლებით დანიშნული 18, 8 და 6 წელი - შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა სასჯელის მოუხდელი ზომის ნაწილი - 3 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2002 წლის 27 სექტემბრიდან 2003 წლის 31 მაისამდე - 8 თვე და 3 დღე; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 აგვისტოდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განაჩენით სსკ-ის შესაბამისი მუხლებით დანიშნული სასჯელები, ასევე - წინა განაჩენიდან დამატებული 3 წელი და განესაზღვრა 14 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 8 თვე, 3 დღე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2003 წლის 8 აგვისტოდან.

აღნიშნული განჩინება შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შედეგად) და დ. ს-ეს განესაზღვრა 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად დ. ს-ეს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, უნდა განსაზღვროდა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დამატებოდა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილის პროპორციული წილი. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განსაზღვროდა 14 წელზე, 1 თვესა და 22 დღეზე მეტი ზომა, მაგრამ არა - 18 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, სსსკ-ის 287-ე მუხლის საფუძველზე, უზუსტობის აღმოფხვრის შედეგად, დაემძიმებინა სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე და უცვლელად უნდა დარჩეს ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 1 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი