დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№18021-13 26 ივნისი, 2013 წელი
ლ-ე მ., 18021-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით მ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 9-9 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით, 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით შეიცვალა: მ. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლით, 5 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით მ. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით მ. ლ-ეს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლისა და 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ივლისიდან.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ლ-ეს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 31 წლითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, 26 წლისა და 24 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ივლისიდან.
2013 წლის 15 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ლ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 15 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 3 წლითა და 4 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 იანვრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას, დაზარალებულების თანხმობის ან უარის მიღების გათვალისწინებით მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ლ-ის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება - კანონიერია.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ. ლ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების ერთი მესამედით შემცირება ასევე კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები. მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლებით დანიშნულ სასჯელებზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მოქმედებაც, რადგან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულთა თანხმობები, მსჯავრდებულ მ. ლ-ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ლ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება და მათზე არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მოქმედება, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ლ-ეს ერთი მესამედით შეუმცირა ამ მუხლებით დანიშნული სასჯელები, ხოლო საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე