ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№23აპ-132 14 ივნისი, 2013 წელი
ქ-ი გ, 23აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით გ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378–ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან.
გ. ქ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
იგი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განაჩენით იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის. გარდა აღნიშნულისა, სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ, 2012 წლის 15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით მას შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღე-ღამის ვადით.
2012 წლის 16 მარტს, 10.40 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე ე. ქ-ა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ლ. ქ-ა და ამავე განყოფილების კონტროლიორი მ. შ-ა, პატიმრობის კოდექსის 52-ე მუხლისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 34–ე მუხლის თანახმად დამტკიცებული დღის განრიგის შესაბამისად, ახორციელებდნენ დაწესებულების პირველ სარეჟიმო კორპუსში მდებარე №1, 2, 3, 4, 5 საკნებისა და მათში მყოფი მსჯავრდებულების გეგმიურ შემოწმება-დათვალიერებას, რა დროსაც №1 საკანში განთავსებული მსჯავრდებული გ. ქ-ი არ დაემორჩილა დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუწია წინააღმდეგობა და არ მისცა საშუალება, ჩაეტარებინათ როგორც პირადი, ასევე მისი მოთავსების ადგილის შემოწმება-დათვალიერება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაწესებულების თანამშრომლებმა გეგმიურად ვერ განახორციელეს პირველ სარეჟიმო კორპუსში მდებარე №1 საკნისა და მასში განთავსებული, მსჯავრდებულ გ. ქ-ს შემოწმება-დათვალიერება.
მსჯავრდებულმა გ. ქ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი მიიჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად და სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; საჩივრით აპელანტი ითხოვდა მის მიმართ დადგენილი გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, აგრეთვე - ამავე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, უცვლელად დატოვა 2012 წლის 11 ივნისის განჩინება და 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი.
მსჯავრდებულმა გ. ქ-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენი იმავე მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; მის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია; აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოტანილი განაჩენი უკანონოა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დადგენილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ სასამართლომ 2012 წლის 11 ივნისის გასაჩივრებული განჩინებით დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და არ მისცა მას საშუალება, ეწარმოებინა სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში მოქმედებდა საქართველოს სსსკ–ის მე–10 მუხლისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების შესაბამისად და მოტივირებული გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერის მიზანშეუწონლობის შესახებ მიღებული აქვს ზემოხსენებულ კანონთა მოთხოვნების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს მისი უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ გ. ქ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქართველოს „პატიმრობის კოდექსი“ და ამ კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებები, ასევე ამ სისტემაში შემავალი დაწესებულებების დებულებები და შინაგანაწესები აწესრიგებენ მსჯავრდებულთა უფლება–მოვალეობებს, დისციპლინურ პასუხისმგებლობას, თავისუფლების აღკვეთის წესს, მართლწესრიგისა და კანონიერების საკითხებს, როგორც დაწესებულების ადმინისტრაციისა და პერსონალის, ასევე - მსჯავრდებულ პირთა უფლებებსა და ვალდებულებებს.
პატიმარი ვალდებულია, დაიცვას დაწესებულების რეჟიმი და დადგენილი დღის წესრიგი, თავაზიანად მოეპყრას სხვა პატიმრებს და საპყრობილის პერსონალს, შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და სხვა; პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 378–ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა ნორმალური საქმიანობა.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის (თანამშრომლების) კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა, ანდა ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია.
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლებს წარმოადგენენ ამ დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა შინაგანი სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზედამხედველობის, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის ფუნქციებს ასრულებენ, მათ შორის არიან დაწესებულების ის თანამშრომლები, ვისაც წახალისებისა და დისციპლინური ზემოქმედების ზომების გამოყენების უფლება აქვთ.
სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მოსამსახურე არის ხელისუფლების წარმომადგენელი და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის (დაკავებულის, მსჯავრდებულისათვის). მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით, კერძოდ - სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ. შ-ა, ლ. ქ-ა და ე. ქ-ა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ და 2012 წლის 16 მარტს ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, პატიმრობის კოდექსისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით დამტკიცებული დღის განრიგის შესაბამისად, ისინი შეუდგნენ დაწესებულების პირველ სარეჟიმო კორპუსში მდებარე №1, 2, 3, 4, 5 საკნებისა და მათში განთავსებული მსჯავრდებულების გეგმიურ შემოწმება-დათვალიერებას, რაც, ბუნებრივია, არ ითვალისწინებდა ამ საკნებში განთავსებულ პირთა წინასწარ ინფორმირებულობას და დამტკიცებული დღის განრიგის მიხედვით, მსჯავრდებულთათვის აუცილებლად ჩასატარებელ გეგმიურ ღონისძიებას წარმოადგენდა.
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ იმ სამსახურებრივ ფუნქციებთან დაკავშირებით, რომლებსაც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლები ახორციელებენ. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების თანამშრომლები: მ. შ-ა, ლ. ქ-ა და ე. ქ-ა ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, მათი მხრიდან სარეჟიმო კორპუსის საკნებისა და მათში განთავსებული მსჯავრდებულების შემოწმება–დათვალიერება არ წარმოადგენდა კანონდარღვევას და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავიანთ ფუნქციებს ისინი კანონიერად ახორციელებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ეჭვი, რომ დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის საკნებისა და იქ განთავსებული მსჯავრდებულების შემოწმება– დათვალიერება სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან რომელიმე მსჯავრდებულის მიმართ ანგარიშსწორების ხასიათს ატარებდა. ამდენად, კასატორის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საფუძველს მოკლებულია და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
მოწმედ დაკითხული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების თანამშრომლების ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2012 წლის 16 მარტს დაწესებულების სარეჟიმო კორპუსის საკნების დათვალიერება რიგითობით №1 საკნიდან (სადაც განთავსებული იყო მსჯავრდებული გ. ქ-ი) დაიწყო და, შესაბამისად, უნდა გაგრძელებულიყო ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ ეს ღონისძიება არ გაგრძელებულა და ჩაიშალა №1 საკანში განთავსებული მსჯავრდებულ გ. ქ-ს დაუმორჩილებლობის გამო. მან კატეგორიული უარი განაცხადა შემოწმება-დათვალიერების ჩატარებაზე, თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ადასტურებენ ჩვენებებში დაწესებულების მოწმედ დაკითხული ზემოხსენებული თანამშრომლები. ამასვე ადასტურებს სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერიც, როდესაც მ. შ-მ, ლ. ქ-მ და ე. ქ-მ კანონიერ მოთხოვნაზე მსჯავრდებულ გ. ქ-ნ მიიღეს კატეგორიული უარი და შეურაცხმყოფელი სიტყვიერი აგრესია. ძალადობრივად შემოწმება-დათვალიერების გაგრძელებას შესაძლებელია, გამოეწვია შექმნილი დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, კანონიერად დაგეგმილი შემოწმება-დათვალიერება შეეწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერი შემოწმება-დათვალიერების მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ქ-ს ამ ქმედებით, რაც გამოიხატა მის დაუმორჩილებლობაში - ჩაიშალა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების ჩადენის მომენტიდან, ე.ი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაწესებულების თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნაზე მსჯავრდებულ გ. ქ-ს აშკარა უარი და დაუმორჩილებლობა შემოწმება-დათვალიერების განხორციელებაზე, რაც უტყუარად დადგენილია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებს გ. ქ-ს ბრალეულობას იმაში, რომ მან ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ქ-ი 2004 წლის 24 დეკემბრისა და 2008 წლის 15 აპრილის განაჩენებით ორჯერ იყო ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამოძიებით გ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (არაერთგზისობით) დაკვალიფიცირებულია სწორად, კერძოდ: გამოძიებამ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის კონსტრუქცია და ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნია მსჯავრდებულის წინა ნასამართლობები 378-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით აღწერილი ქმედებების სპეციალურ შემადგენლობაზე მიუთითებს ანუ კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით გაძლიერებული პასუხისმგებლობა დააწესა ამავე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზისად ჩადენისათვის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს გ. ქ-ს ქმედების არასწორი კვალიფიკაციის შესახებ, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – კასატორის მოსაზრებით, არაერთგზისობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს არ ითვალისწინებს და აღნიშნულის საილუსტრაციოდ მითითებას აკეთებს ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქ/პუნქტების შესაბამისად, შეიძლება დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არაერთგზისობით ჩადენა, რაც მცდარი მოსაზრებაა და საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლი რთული კონსტრუქციისაა და ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები დანაშაულთა განსხვავებულ შემადგენლობას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება – წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლაში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება – წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულის მიმართ ძალადობაში ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში მსჯავრდებულისათვის ხელის შეშლის მიზნით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარე გამოიხატება - წინასწარი პატიმრობის ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, ანდა ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიურ მონაწილეობაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თითოეული ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნები (მათ შორის არაერთგზისობა) გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით. მუხლის ამ ნაწილის ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ 378-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულიდან რომელიმე ერთი მაინც: ა) საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ბ) ჩადენილია არაერთგზის, გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილი მოცემულ შემთხვევაში არ გამოყოფს და მითითებას არ აკეთებს პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ცალკე არსებობაზე და „იგივე ქმედებაში“ იგულისხმება როგორც ამ მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტები და მითითება საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილში ნახსენებ ამავე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებაზე არასწორად არის ინტერპრირებული, ვინაიდან ქმედების 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკვალიფიცირების შემთხვევაში, კანონმდებლობამ გაითვალისწინა განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოება და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დამძიმებულია ქმედების სუბიექტით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მრავლად გვხვდება მუხლის ასეთი ტიპის კონსტრუქციები, სადაც პასუხისმგებლობა დამძიმებულია ქმედების სუბიექტით, მათ შორის - ამ თავით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3781-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ა.შ.
საკასაციო პალატამ ასევე იმსჯელა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ და მიაჩნია, რომ ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ქართველიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელი უნდა შეუმცირდეს ¼-ით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ქ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2012 წლის 22 მარტიდან.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი