შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №123აპ-13 ქ. თბილისი
გ-ი ა 123აპ-13 25 ოქტომბერი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ხ-ს
ადვოკატების - გ. გ-ა და გ. კ-ს
მსჯავრდებულ - ა. კ-ს
მონაწილეობით განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის განაჩენით:
ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი, 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
ა. კ-ე დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. მასვე სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2011 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 28 მარტიდან.
ა. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ა. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - 8000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად რ. ს-ს (პირადი №) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ - 8000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. ბ-ი, დასახლება ა-ა, სარეგისტრაციო ზონა - ბ-ი , სექტორი - , კვარტალი - , ნაკვეთი - .
ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი, 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ა. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - 5000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად რ. ხ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ - 5000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ხ-ს რაიონში, შპს „თ-ი“, სარეგისტრაციო ზონა - ხ-ი , სექტორი - თ-ი , კვარტალი - , ნაკვეთი -.
ა. გ-ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა 2013 წლის 28 მარტიდან.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულებმა - ა. კ-მ და ა. გ-ა ჩაიდინეს ს. თ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 00.10 საათზე, ქ. ბ-ი, ბ-ს ქუჩაზე არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. კ-ე, ა. გ-ნ და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მიზნით, თავს დაესხა თ-ს რესპუბლიკის მოქალაქეებს - თ. ქ-ს და ს. თ-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს ისეთი ქმედებით, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის არ არის საშიში, მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ს. თ-ს ფულად თანხას - 1000 დოლარსა და 50 ლარს, ასევე თ. ქ-ს მფლობელობაში არსებულ, 7425 ლარად ღირებულ „აუდის“ მარკის ავტომანქანას, სახ.№.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა – 1000 ლარი.
იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე.
ა. კ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში.
ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა – 1000 ლარი.
ა. კ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში განაჩენის გამოცხადებისთანავე.
გაუქმდა ა. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ა. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - 80000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად რ. ს-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 8000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ, ბ-ი, დასახლება ა-ა, სარეგისტრაციო ზონა - ბ-ი , სექტორი -, კვარტალი -, ნაკვეთი -.
გაუქმდა ა, გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ა, გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - 5000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად რ, ხ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 5000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ხ-ს რაიონში, შპს „თ-ი“, სარეგისტრაციო ზონა - ხ-ი , სექტორი - თ-ი, კვარტალი -, ნაკვეთი -.
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ, ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ა, კ-ა და ა, გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით.
საკასაციო პალატის სხდომაზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები. მათ იშუამდგომლეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ა. კ-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს, დაზარალებულების - თ. ქ-ა და ს. თ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
ამასთან, საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში მათი უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი აღნიშნულთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო:
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს მიერ ძარცვის ჩადენის ნაწილში, რაც მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნიოს ა. კ-ა და ა. გ-ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი.
როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლო დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს მოწმე მ. ს-ს ირიბ ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცემი თურქი ეროვნების პიროვნება დარბოდა, სახელს იძახდა და ეძებდა გ-ს; ამბობდა ,,ფული მქონდა 1000 დოლარი და ლარები“; მართალია, თურქული ენა არ იცის, მაგრამ პოლიციელმა უთხრა, რასაც ამბობდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ირიბი ჩვენება მაშინ არის დასაშვები, თუ ის დასტურდება ინფორმაციის წყაროს მითითებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში მტკიცებულებების სახით არ არის წარმოდგენილი იმ პოლიციელების ჩვენებები, ვისგანაც მ. ს-მ მოისმინა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
ამასთან, მ. ს-ს მეუღლის, მოწმის სახით დაკითხული გ. შ-ა და ასევე შემთხვევის ადგილზე გასული, მოწმე მ. ა-ს ჩვენებებით არ დასტურდება მ. ს-ს ჩვენება ფულთან დაკავშირებით. პირიქით, გ. შ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ესმის თურქული ენა და როცა შემთხვევის ადგილზე გავიდა, თურქი ეროვნების ნაცემ მამაკაცს სიტყვა ,,ფული“ არ უხსენებია, არც მანქანაზე უთქვამს რაიმე, ხოლო მოწმე - თურქული ენის მცოდნე მ. ა-ს ჩვენებით, მას ფულის შესახებ არაფერი გაუგონია.
უფრო მეტიც: თავად დაზარალებულ ს. თ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე ფულის დაკარგვის შესახებ არ უხსენებია; მან ფულის დაკარგვის ფაქტი აღმოაჩინა პოლიციაში მას შემდეგ, რაც ნახა, რომ საათი აღარ ეკეთა; პოლიციელთან ერთად დაბრუნდა ცემის ადგილას და პოლიციელმა საათი წყალში იპოვა, ამბობდა, ფულიც აქ იქნებაო, მაგრამ ფული ვერ ნახეს.
რაც შეეხება დაზარალებულ ს. თ-ს ჩვენებას იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს ვიღაცამ ჯიბეში ჩაუყო ხელი, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მსჯავრდებულებს მსჯავრი დაედოთ ძარცვაში.
დაზარალებული ს. თ-ი ვერ მიუთითებს, კონკრეტულად ვინ იყო ის პირი, ვინც ჯიბეში ჩაუყო ხელი. როგორც მისი, ასევე მეორე დაზარალებულის - თ. ქ-ს ჩვენებებით დასტურდება, ცემის დროს არც თანხა და არც სხვა რაიმე ნივთი მათთვის არ მოუთხოვიათ და არც გაუჩხრეკიათ.
ყოველივე ზემოაღნიშნულით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იყო თანაამსრულებელი და ყველა მათგანის განზრახვა მოიცავდა ძალადობის გამოყენებით თანხის დაუფლების მიზანს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს მიერ დაზარალებულ ს. თ-ს კუთვნილი თანხის ძარცვის გზით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც თ. ქ-ს მფლობელობაში არსებული, 7425 ლარად ღირებული ,,აუდის“ მარკის ა/მანქანის ძარცვის ნაწილში არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქმეში არსებული მასალებით საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ავტომანქანა მინდობილობის საფუძველზე ჰქონდა გადაცემული დაზარალებულ თ. ქ-ს და არავის ჰქონდა უფლება, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, შეეწყვიტა მისი უფლება - ესარგებლა მანქანით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე მითითებით:
დაზარალებულების - თ. ქ-ა და ს. თ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ თ. ქ-ს ა/მანქანა მინდობილობით ჰქონდა გადაცემული ა-ს ნათესავისაგან. საჭიროების შემთხვევაში თ. ქ-ს მანქანას გადასცემდა ა. და თ-ნ ჩამოსვლის შემდეგ თ. უბრუნებდა მანქანას ისევ ა-ს, რომელსაც ის მიჰყავდა მესაკუთრესთან.
აღნიშნულს ადასტურებს თავის ჩვენებაში ავტომანქანის მესაკუთრე - რ. ს-ე. იგი ასევე მიუთითებს, რომ შემთხვევის დღეს სახლთან ახლოს, 30 მეტრში, დაუტოვეს მანქანა, ვინაიდან საბურავი იყო დაშვებული. მაგრამ არ დაურეკავთ. იცოდა, რომ სხვა არ მიიყვანდა. ვარაუდით, მათ უნდა მიეყვანათ. იცოდნენ, რომ მეორე გასაღები ჰქონდა.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს განზრახვაში არ იკვეთება ავტომანქანის მისაკუთრების მიზანი. ამ აუცილებელი მაკვალიფიცირებელი ნიშნის გარეშე მსჯავრდებულების ქმედებაში არ შეიძლება არსებობდეს და არც არსებობს ძარცვის შემადგენლობა.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა - ა. კ-მ და ა. გ-ა, დაზარალებულების - თ. ქ-ა და ს. თ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების შედეგად, წაიყვანეს რა თ. ქ-ს მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ავტომანქანა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რითაც დაზარალებულებს მოუსპეს საშუალება ესარგებლათ ავტომანქანით, აღნიშნული ქმედებით ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, თურქეთის მოქალაქე თ. ქ-ს ჰქონდა ,,აუდის“ მარკის ა/მანქანის მართვის, მისი საზღვარგარეთ გადაყვანისა და მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების შესრულების უფლება. მას უფლება არ ჰქონდა, თავისი შეხედულებისამებრ, აღნიშნული ავტომანქანა მართვის უფლებით გადაეცა სხვა პირისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა - ა. კ-მ და ა. გ-ა თ. ქ-ა და ს. თ-ს არ გადაუხადეს მათთვის კუთვნილი თანხა და აიყვანეს ისინი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მანქანის საჭესთან იჯდა თ. ქ-ი, რომელიც მანქანას მართავდა მინდობილობით, მან გასაღები ჩატოვა მანქანაში და ისე გადავიდა სალაპარაკოდ ა. კ-ა და ა. გ-ნ. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ თ. ქ-ს ნებაყოფლობით არ გადაუცია მანქანის გასაღები მათთვის. მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულებმა და მათთან მყოფმა პირებმა დაზარალებულებს - თ. ქ-ა და ს. თ-ს სცემეს თ. ქ-ი, მის მიმართ გამოყენებული ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამო, იძულებული გახდა, გაქცეულიყო და მიეტოვებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ა/მანქანა, მიუხედავად იმისა, რომ ა. კ-ა და ა. გ-ს მისთვის კუთვნილი თანხა არ მიუციათ.
მსჯავრდებულებმა - ა. კ-მ და ა. გ-ა მათთვის დაგულებული უფლებით, რომ რადგან ა/მანქანა ეკუთვნოდა მათ ახლობელს და მასთან მანქანა სხვა დროსაც მიჰყავდათ ხოლმე, თ. ქ-ა და ს. თ-ს მიმართ გამოყენებული ძალადობის მიუხედავად, მანქანა თვითონ წაიყვანეს და გააჩერეს მესაკუთრის სახლთან ახლოს, რითაც უგულებელყვეს კანონით დადგენილი წესი, რომ პირს, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰყავდა ა/მანქანა, უფლება ჰქონდა ნებაყოფლობით გადაეცა ა/მანქანა მათთვის, თუ ამას თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდებულებმა - ა. კ-მ და ა. გ-ა თ. ქ-ს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, წაიყვანეს ა/მანქანა თვითნებურად. თ. ქ-ა ვერ ისარგებლა მისთვის მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული უფლებით, მანქანა ჰყოლოდა თავის მართლზომიერ მფლობელობაში და ესარგებლა მისით საჭიროებისამებრ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ასევე საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მსჯავრდებულების - ა. კ-ა და ა. გ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მათ პიროვნებებსა და წარსულ ცხოვრებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ა. კ-ს შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო ა. გ-ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არის ნასამართლობის არმქონე და ჰყავს ოჯახი.
ამასთან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილი სსკ–ის 59–ე მუხლის ახალი რედაქციის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენისას, ამავე კანონით საქართველოს სსკ–ის 414–ე მუხლზე დამატებული მე–8 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, რომ გამოყენებულ იქნეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, რის საფუძველზეც უნდა განესაზღვროთ მსჯავრდებულებს - ა. კ-ა და ა. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 120–ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. კ-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლის 11 დეკემბრამდე და 2013 წლის 28 მარტიდან 2013 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
ა. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 120–ე მუხლით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი საბოლოოდ ა. გ-ს მოსახდელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2012 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე და 2013 წლის 28 მარტიდან 2013 წლის 19 ივნისის ჩათვლით.
მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
განაჩენი აღსასრულებლად მიექცეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კ-ე დაკავებულ იქნეს და შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
ა. გ-ი დაკავებულ იქნეს და შესახლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი