დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.10.2013
საქმის ნომერი
58აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№58აგ-13 4 ოქტომბერი, 2013 წელი

ნ-ი ზ.- 58აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. ნ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებით - 17 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით - 20 წლით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით, 135-ე მუხლით - 1 წლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით, 214-ე მუხლით - 1 წლით, 104-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით - 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1999 წლის 8 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებით.

ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით ზ. ნ-ის ქმედება სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,კ“ პუნქტებზე, მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებიდან - მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,კ“, ,,ო“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა 15-15 წლით, ხოლო საბოლოოდ - უვადო თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ.ნ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები; სხვა ნაწილში განაჩენი და განჩინება დარჩა უცვლელად.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ზ. ნ-ი გათავისუფლდა ადრე მოქმედი სსკ-ის მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-17,104-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-9 პუნქტებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სხვა მუხლებით (104-ე მუხლის გარდა) დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებული ზ. ნ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ადრე მოქმედი სსკ-ის 228-ე, 238-ე, 252-ე, 135-ე, 136-ე და 214-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები მოქმედი კანონით წარმოადგენენ ნაკლებად მძიმე დანაშაულს; მართალია, მოქმედი კანონი არ ამცირებს სასჯელებს, მაგრამ ითვალისწინებს დანაშაულის კატეგორიებად დაყოფას, რაც აუცილებელი პირობაა ამნისტიის გამოსაყენებლად; ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელების შედეგად მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის მე-17,104-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან და სწორედ ამ მუხლების არსებობის გამო მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6, მე-9 პუნქტებით და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა; ამ დანაშაულისათვის მოქმედი კანონი აღარ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, რადგან სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისი ქმედებებისათვის დღეს მოქმედი კანონი ადგენს ვადიან თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენდა განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ჩადენილ მკვლელობას იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა; ზ. ნ-მა ჩაიდინა მხოლოდ ერთი პირის მკვლელობა; 2011 წლის 8 ივლისს სააპელაციო პალატამ იმავე შემადგენლობით განიხილა შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ, რაც დაუშვებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, უკუძალა აქვს კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამსუბუქებს სასჯელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს, რომელსაც დამნაშავე იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.

კასატორი აღნიშნავს, რომ ახალი კანონი პირდაპირ არ ამცირებს სასჯელებს, მაგრამ ადგენს დანაშაულის კატეგორიებს, რაც ამნისტიის გამოყენების აუცილებელი პირობაა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონის უკუძალის პრინციპი არ გულისხმობს პირის ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას ყველა შემთხვევაში, რათა შემდეგ მის მიმართ გავრცელდეს სხვა კანონით გათვალისწინებული შეღავათი. იგი იმპერატიულად ადგენს უკუძალის ორ პირობას - ქმედების დანაშაულებრიობას ან სასჯელის შემსუბუქებას, რაც ასახულია სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლის დისპოზიციასა და სანქციაში.

საჩივრის ავტორის მოტივების გაზიარების შემთხვევაში, ამნისტიის გამოყენების მიზნით პირის ქმედება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან მაშინაც კი, როდესაც იგი ადგენს უფრო მძიმე სასჯელს, რაც დაუშვებელია.

ამდენად, დანაშაულის კატეგორიების განსაზღვრა არ წარმოადგენს უკუძალის კანონით გათვალისწინებულ პირობას.

რაც შეეხება ადრე მოქმედი სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტს, იგი ითვალისწინებდა განზრახ მკვლელობას განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა.

ის გარემოება, რომ ზ. ნ-ს არ ჩაუდენია ორი ან მეტი პირის დამთავრებული მკვლელობა, დადგენილია 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენითაც, რის გამოც ეს გარემოება არ არის ახლად გამოვლენილი. მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაკვალიფიცირდა არა იმიტომ, რომ ზ. ნ-ი წარმოადგენდა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტს, არამედ იმის გამო, რომ მას ადრე ჩადენილი ჰქონდა ორი პირის მკვლელობის მცდელობა, რაც გარკვევითაა აღნიშნული კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში. ამ დანაშაულს ითვალისწინებს 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტი (მკვლელობა არაერთგზის). მართალია, მოქმედი კანონით არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ კანონის ეს ცვლილება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთასაც.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადების ან მცდელობისათვის, მაგრამ ზ. ნ-ს ეს სასჯელი განესაზღვრა სსკ-ის 104-ე მუხლით - დამთავრებული მკვლელობისათვის.

კასატორის აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად, ვინაიდან მსჯავრდებულის ანალოგიური შუამდგომლობა ადრე განიხილა სააპელაციო პალატის იმავე შემადგენლობამ, იგი აღარ იყო უფლებამოსილი, კვლავ განეხილა შუამდგომლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას საქართველოს საერთო სასამართლოები ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობით და არა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტით. ამასთან, ამნისტიის საფუძველზე ზ. ნ-ი გათავისუფლდა არა სსკ-ის მე-17,104-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის, არამედ - ამ მუხლებით დანიშნული სასჯელებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილს და მათ საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 მაისის განჩინება ზ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი