დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №899აგ-13 23 ოქტომბერი, 2013 წელი
უ-ე გ., 899აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. უ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განაჩენით გ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2006 წლის 21 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით (2002 წლის 24 აპრილის ფაქტი) გ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 16 წლით; სსკ–ის 224–ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 10 თვითა და 5 დღით; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. უ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა – 22 წლით, 10 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა; რასაც, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განაჩენით (2006 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. უ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა – 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 23 წლით თავისუფლების აღკვეთის - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა აეთვალა 2007 წლის 26 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ამნისტიის აქტის საფუძველზე გ. უ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით თითოეული დანაშაულისათვის შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით; სსკ–ის 224–ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 1 თვითა და 18 დღით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ გ. უ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 17 წლით, 1 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2007 წლის 26 ივლისიდან.
2013 წლის 29 მაისს მსჯავრდებულმა გ. უ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 19,109–ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ–ის 224–ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი - 5 წლით, 1 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. უ-ეს სასჯელის სახით განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალა 2007 წლის 26 ივლისიდან.
მსჯავრდებული გ. უ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენის შეცვლას სასჯელის ათვლის თარიღის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, გ. უ-ეს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა- ათვლილი აქვს სწორედ ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2007 წლის 26 ივლისიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი გ. უ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
მ. ოშხარელი