ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 16.05.2013
საქმის ნომერი
2კ-13აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13აპ-13 16 მაისი, 2013 წელი

ფ-ე ი.-13აპ –13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. ღ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით.

სასჯელის ვადის ათვლა გ. ღ-ას დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2011 წლის 7 ნოემბრიდან.

ე. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლითა და 9 თვით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 4 თვითა და 14 დღით და ჯარიმა – 500 ლარი, საბოლოოდ კი სასჯელის სახედ და ზომად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლით, 1 თვითა და 14 დღით, ასევე ჯარიმა – 500 ლარი.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ე. გ-ეს დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან – 2012 წლის 10 ივლისიდან.

ი. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ–ის 108–ე მუხლით და 19,109–ე მუხლის „ა“და „ზ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალსიწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 წლით.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 3 თვისა და 22 დღის ვადით და ჯარიმა – 1000 ლარი. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ი. ფ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 3 თვითა და 22 დღით და ჯარიმა – 1000 ლარი.

საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა ი. ფ-ეს დაეწყო განაჩენის დადგენის დღიდან – 2012 წლის 10 ივლისიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 ივლისის განაჩენით გ. ღ-ას, ე. გ-ესა და ი. ფ-ეს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ:

გ. ღ-ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 9 მმ კალიბრიანი „მაკაროვის“ სისტემის ნომერგადაშლილი პისტოლეტი, თავისივე მჭიდით და სამი 9 მმ კალიბრიანი „პმ“ ტიპის ვაზნა, რაც 2011 წლის 7 ნოემბერს ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

2002 წლის 1 თებერვალს ე. გ-ემ, გ. ღ-ამ, ი. ფ-ემ, ი. ჯ-ემ და დ. ხ-ამ გადაწყვიტეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქუთაისში, ... ქუჩის პირველი ჩიხის №...–ში მცხოვრებ ე. ს-ის ოჯახს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მატერიალურ ფასეულობას.

განზრახვის შესასრულებლად ისინი 2002 წლის 1 თებერვალს შეიკრიბნენ ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ბოტანიკურ ბაღთან“, სადაც შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, პისტოლეტებით და დანებით, რის შემდეგაც გაემართნენ ე. ს-ის სახლის მიმართულებით.

2002 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 00.30 საათზე, ე. გ-ე, გ. ღ-ა, ი. ფ-ე, ი. ჯ-ე და დ. ხ-ა, რომელთაც ეკეთათ ნიღბები, შეიჭრნენ ე. ს-ის სახლში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ ე. ს-ე, მისი მეუღლე – ნ. ს-ე, შვილები – ი. და ნ. ს-ეები და რძალი – თ. ფ-ა მცირეწლოვან შვილთან ერთად. სახლში შესვლისას ი. ს-ეს, რომელმაც თავდამსხმელებს გაუწია წინააღმდეგობა, ი. ჯ-ემ ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ი. ს-ემ მიიღო დაზიანება და გარდაიცვალა.

თავდამსხმელებს ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს ე. ს-ემ და მისმა მეუღლემ – ნ. ს-ემ. ე. ს-ეს ბოროტმოქმედებმა მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს რაიმე ნივთის წაღება ს-ეების ოჯახიდან დაზარალებულთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო და მათ დატოვეს შემთხვევის ადგილი.

ე. ს-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისათვის ი. ფ-ე გასამართლდა ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 9 თვით, რომლის მოხდაც დაეწყო 2007 წლის 2 თებერვლიდან.

2003 წელს ი. ფ-ე კვლავ დაუკავშირდა ე. გ-ეს, აგრეთვე – ზ. დ-ეს და გადაწყვიტეს, 2003 წლის 7 მარტს ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ში მცხოვრებ ჯ. ჩ-ის ოჯახს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მატერიალურ ფასეულობას.

ამისათვის ე. გ-ე, ი. ფ-ე და ზ. დ-ე შეიარაღდნენ პისტოლეტებით, ხელყუმბარით და დანით, გაიკეთეს ნიღბები და 2003 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, შეიჭრნენ ჯ. ჩ-ის სახლის ეზოში არსებულ სამზარეულო ოთახში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ ჯ. ჩ-ე, მისი მეუღლე – ჟ. ჩ-ე, შვილი – 15 წლის გ. ჩ-ე და მცირეწლოვანი გოგონა – 12 წლის ვ. ბ-ი.

ჯ. და გ. ჩ-ებმა თავდამსხმელებს გაუწიეს წინააღმდეგობა, რა დროსაც ზ. დ-ემ დანის გამოყენებით ჯ. ჩ-ეს ბეჭის მარჯვენა მხარეს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება – გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის (ბეჭის ძვლის დაზიანებით) სახით.

იმის გამო, რომ თავდამსხმელებს დაზარალებულთა მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობა, ი. ფ-ემ, რომელიც თანამზრახველებს შენობის უკანა კართან ელოდებოდა, ოთახში მყოფ პირთა მოკვლის განზრახვით საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა „ფ–1“ ტიპის ხელყუმბარა და შეაგდო ოთახში, ხოლო თავად მყისიერად განერიდა შენობას.

ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა მცირეწლოვანი ვ. ბ-ი, არასრულწლოვანმა გ. ჩ-ემ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება – მარჯვენა წვივის ფეთქებადი ცეცხლსასროლი დამსხვრეული მოტეხილობის, მარჯვენა წვივის არასრული ამპუტაციის, მარცხენა წვივის არეში მრავლობითი, დიდი ზომის ფეთქებადი ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით, ხოლო ჯ. ჩ-ემ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება – ორივე ქვედა კიდურის არეში ზედაპირული ჭრილობების სახით.

ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ–ერთმა თავდამსხმელმა ზ. დ-ემაც, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა – გ. ღ-ამ, ე. გ-ემ და ი. ფ-ემ.

სააპელაციო საჩივრით აპელანტები – გ. ღ-ა და ე. გ-ე ითხოვდნენ განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

აპელანტი ი. ფ-ე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მხარეთა მონაწილეობით, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებანი საქმის გარემოებებთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მსჯავრდებულების ბრალეულობა მათთვის ინკრიმინირებულ ქმედებებში, ამასთან, გაითვალისწინა მსჯავრდებულების – გ. ღ-ასა და ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელად აღიარება და მონანიება. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა და 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულების – გ. ღ-ასა და ე. გ-ის, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მონაწილეობით ბრალდების მხარესთან დადებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, ხოლო ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, გ. ღ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებულ, მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის –თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ გ. ღ-ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

გ. ღ-ას დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2011 წლის 7 ნოემბრიდან.

ე. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ით გათვალისწინებულ, მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

ე. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები, რაც დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2002 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2003 წლის 7 მარტის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა და ორივე ეპიზოდში– ე. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით ე. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 11 თვითა და 27 დღით, ასევე ჯარიმა – 500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 11 თვითა და 27 დღით და ჯარიმა – 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

დანიშნული საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა ე. გ-ეს დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2012 წლის 27 ნოემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის იმავე, 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული ი. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლითა და 19,109–ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 28 წლით;

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 22 დღით, ასევე ჯარიმა – 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად ი. ფ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლითა და 22 დღით;

დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ი. ფ-ეს დაეწყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2012 წლის 10 ივლისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულმა ი. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კასატორს მიაჩნია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ:

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებს იმის შესახებ, რომ ე. გ-ის მიერ მიცემული ჩვენებები სრულად შეესაბამება შემთხვევის მომენტში დანაშაულებრივი ჯგუფის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად განვითარებული იმ მოვლენების აღწერას, რაც თავიანთ ჩვენებებში ჩამოყალიბებული აქვთ შემთხვევის ადგილზე მყოფ დაზარალებული ოჯახის წევრებს– ჯ., გ. და ჟ. ჩ-ეებს. ზემოხსენებულ პირთა ჩვენებებიდან დადგენილია, რომ ხელყუმბარა, ოჯახის წევრების მიერ გაწეული აქტიური წინააღმდეგობის დასაძლევად, ოთახში შეაგდო უკანა კარიდან შესულმა, მესამე ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა. ე. გ-ის მტკიცებით, ეს პირი ი. ფ-ე იყო, რომელმაც კარის შემომტვრევის პარალელურად, ხელყუმბარის ოთახში შემოგდებისთანავე, დატოვა შემთხვევის ადგილი.

ე. გ-ის, ჯ. ჩ-ის, გ. ჩ-ისა და ჟ. ჩ-ის ჩვენებებით დადგენილ ამ გარემოებას თავიანთი ჩვენებებით ამყარებენ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირები – ნ. ჩ-ე, გ. და ი. დ-ეები. გ. და ი. დ-ეები თავიანთ ჩვენებებში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ე. გ-ე, ი. ფ-ე და მათი ძმა, აწ გარდაცვლილი ზ. დ-ე ახლო მეგობრები იყვნენ და რაიმე სახის კონფლიქტური ურთიერთობა მათ შორის არ არსებობდა.

ზემოხსენებულ მტკიცებულებათა შეფასება – ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია: კასატორის არგუმენტები, რომ თითქოს ე. გ-ეს მის მიმართ ამოძრავებს შურისძიების მოტივი და ამ უკანასკნელის მიერ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ჩვენებების მიცემა სწორედ ამ მიზეზით არის განპირობებული, მტკიცებით საფუძველს და, შესაბამისად, დამაჯერებლობას არის მოკლებული, რის გამოც არ ქმნის ე. გ-ის ჩვენების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი სტანდარტებით ადასტურებენ ი. ფ-ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენას და არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნები, ამავე კანონის მე–16 და მე–18 მუხლებით მოცემული პირობებით, უნდა გავრცელდეს მსჯავრდებულზე გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილებების შეტანის გზით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ფ-ე 1997 წლის 22 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 91–ე მუხლის მე–3 ნაწილითა და 150–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (1960 წლის რედაქცია) და, შესაბამისად, მოხდილი აქვს სასჯელი.

2000 წლის 22 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი მეორედ იქნა გასამართლებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამჯერად მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 252–ე მუხლის მე–3 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც ასევე მოხდილი აქვს შესაბამისი სასჯელი.

შესაბამისად, 2002 წლის 2 თებერვალს, 00.30 საათზე, პირთა ჯგუფთან ერთად ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №...–ში ე. ს-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და 2003 წლის 7 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ...-ში ჯ. ჩ-ის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდები წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს; ჩადენილი ქმედებების მოტივის, განხორციელების სახის, მისი პიროვნული მახასიათებლებისა და დამდგარი მძიმე შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია ი.ფ-ის მიმართ გამოყენებულ იქნეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილი, 59–ე მუხლით გათვალისწინებული, დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის პრინციპი და იხელმძღვანელებს სამოქმედოდ შემოღებული სსკ–ის 59–ე მუხლის ახალი რედაქციის მე–3 და მე–5 ნაწილებით გათვალისწინებული, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას დანიშნული სასჯელების მთლიანი შეკრების პრინციპით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ი. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ კანონშეუსაბამოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მისი მიღების მომენტისათვის, 2013 წლის 11 თებერვალს, სისხლის სამართლის საქმე საკასაციო საჩივართან ერთად განსახილველად შემოსული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე ჯერ არ იყო მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლო, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების საკითხი; შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მიღებული აქვს არაუფლებამოსილ სასამართლოს, რაც ხსენებული განჩინების გაუქმების კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის განხილვის პარალელურად, დაუბრუნდეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების საკითხს და არსებითად გადაწყვიტოს იგი განაჩენში ცვლილებების შეტანის გზით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16, მე–18 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება ი. ფ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გავრცელების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენში, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ი. ფ-ის სასიკეთოდ, კერძოდ:

ი. ფ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლითა და 19,109–ე მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 9 თვით;

ი. ფ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 3 თვით;

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ფ-ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 21 წლით;

ი. ფ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის კანონი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი –თავისუფლების აღკვეთა 10 წლით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;

იმავე განაჩენით ი. ფ-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 2381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ძირითად საჯელად დანიშნული ჯარიმა – 1000 ლარი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად;

ი. ფ-ეს იმავე განაჩენით სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 თვით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;

ი. ფ-ეს იმავე განაჩენით საქართველოს სსკ–ის 363–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 7 დღით;

სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და ი. ფ-ეს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 22 დღის ვადით.

იმავე განაჩენით საბოლოოდ დადგენილი სასჯელის ვადის ათვლა ი. ფ-ეს დაეწყოს დაკავების დღიდან – 2007 წლის 2 თებერვლიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 10 ივლისის ჩათვლით მას მოხდილი აქვს თავისუფლების აღკვეთის 5 წელი, 5 თვე და 8 დღე. იმავე განაჩენის მოუხდელი ნაწილი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 2 წლით, 7 თვითა და 14 დღით, ასევე ჯარიმას – 1000 ლარს, რაც საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, შეიკრიბოს სრულად და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ ი. ფ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, 7 თვითა და 14 დღით და ჯარიმა – 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ი. ფ-ეს დაეწყოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების დღიდან – 2012 წლის 10 ივლისიდან.

სხვა ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი