განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.07.2013
საქმის ნომერი
2კ-1908-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№19081-13 24 ივლისი, 2013 წელი

ა-ე კ, 19081-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ნ. ჟ-ს

ადვოკატ - ლ. ჩ-ს

მსჯავრდებულ - კ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ა-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და შეკრების წესით მას დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის მე–60 მუხლის შესაბამისად, ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. ა-ს სასჯელად დაენიშნა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 5 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით კ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. ა-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ არსებულ ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, რომელშიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, დაემატა წინა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მსჯავრდებულ კ. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 4 თვითა და 23 დღით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო ტყიბულის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2007 წლის 12 აპრილიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და განესაზღვრა 3 წელი და 9 თვე.

მასვე სსკ–ის 110–ე მუხლის პირველი და სსკ–ის 152–ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1961 წლის რედაქცია) თერჯოლის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილი ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წელი, 9 თვე და 13 ღდე შეუმცირდა ¼–ით და სასჯელად განესაზღვრა 8 წელი, 1 თვე და 1 დღე. შესაბამისად, 2003 წლის 27 ივნისის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვადამდე ადრე გათავისუფლების განჩინების გამოტანის დროს მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 1995 წლის განაჩენით დანიშნული სასჯელი.

სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ. ა-ს საბოლოოდ ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი ძირითადი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და ძირითად სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ კ. ა-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 5 სექტემბრიდან 2007 წლის 12 აპრილამდე. განჩინებით განსაზღვრული სასჯელის ვადის ათვლა დაწყებულია 2007 წლის 12 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ა-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.

ამდენად, მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს, რაც შეადგენს 2 წელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. ამ განაჩენით მას უნდა შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო არ არის მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდეს, რაც შეადგენს 2 წელს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ კ. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „თ“ ქვეპუნქტებით წილობრივი პროპორციის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს. ამ განაჩენით მას შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი