საზედამხედველო

სისხლის სამართლის 28.11.2013
საქმის ნომერი
161აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №161აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი ბ-ე გ., 161აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლითა და 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ-ეს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივნისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 6000 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: გ. ბ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივნისიდან. „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ბ-ე მთლიანად გათავისუფლდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ივნისიდან.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა გ. ბ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: გ. ბ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელიდან – 7 თვე და გ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენი და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ახალი განაჩენით სასჯელის დადგენას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელების ნაწილობრივ ან სრულად შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში.

სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ბ-ემ წინა განაჩენით ჩაიდინა გაუფრთხილებელი - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც მისი დანაშაულებრივი ქმედება არ წარმოადგენს რეციდივს.

ამდენად, გ. ბ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენით სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 236-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ გ. ბ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა აეთვალოს 2008 წლის 27 ივნისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გ. ბ-ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი და საბოლოოდ გ. ბ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გ. ბ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 27 ივნისიდან.

მსჯავრდებული გ. ბ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე