დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.11.2013
საქმის ნომერი
176აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№176აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი

თ-ა თ.- 176აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბორჯომის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 26 აპრილის განაჩენით თ. თ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1999 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) - 3 წლით, 262-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით - 3 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის განაჩენით თ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 258-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 13 იანვრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განაჩენით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, თ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 3 ეპიზოდი) – 1-1 წლით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით, ხოლო საბოლოოდ - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. თ-ას გაუნახევრდა სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 3 ეპიზოდი) დანიშნული 3 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით, ხოლო საბოლოოდ - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული თ. თ-ა გათავისუფლდა სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების 2 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 9 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 4, 3 და 2 წელი, რის შედეგადაც განესაზღვრა: 3 წლით, 2 წლითა და 3 თვით და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ეს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. თ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას, რადგან არაერთხელაა ნასამართლევი, მაგრამ შუამდგომლობს სასჯელის შემცირების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (რომლითაც ადრე მსჯავრდებულია თ. თ-ა), ამავე კოდექსის მე-81 მუხლის შესაბამისად, განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიას. საქმის მასალებიდან გამომდინარე, 91-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებული გათავისუფლდა 2001 წლის 16 ნოემბერს, რის შემდეგაც, 2002 წლის 19 სექტემბერს, იგი კვლავ გაასამართლეს და სსკ-ის 258-ე მუხლით მიუსაჯეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2008 წლის 27 თებერვლის განაჩენით დადგენილ დანაშაულთაგან პირველი თ. თ-ამ ჩაიდინა 2006 წლის თებერვალში, ხოლო ბოლო - 2007 წლის სექტემბერში - წინა ნასამართლობის გაქარწყლებამდე.

ამდენად, არაერთხელ გასამართლების მიუხედავად, თ. თ-ამ კვლავ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულები (6 ეპიზოდი), რის გამოც მას საპროცესო შეთანხმებისა და ამნისტიის გავრცელების შედეგად საბოლოოდ დანიშნული აქვს 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, ასევე - მათ რაოდენობას, რის შედეგადაც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს თ. თ-ასათვის დანიშნული სასჯელის უფრო მეტად შემცირებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის განაჩენი თ. თ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი