დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.11.2013
საქმის ნომერი
662აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№662აგ-13 5 ნოემბერი, 2013 წელი

ს-ი ი, 662აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით ი. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 353–ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 18,229–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 2 წლითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 3 წლითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლისა და სსკ–ის 67–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 11 თვე და 22 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ი. ს-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ი. ს-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 18,229–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ქვეპუნქტებით (განაჩენთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 8 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, ი. ს-ს სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენში, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 18,229–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით, 6 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 2 თვე, აგრეთვე დაემატა ამავე განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი 2 თვე და ი. ს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) – 3 წელი და 24 დღე და საბოლოოდ ი. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 11 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენი ი. ს-ს მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ს-ა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

მოცემულ შემთხვევაში, ი. ს-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. ს-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი