დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №605აგ-13 27 დეკემბერი, 2013 წელი
მ-ე ი., 605აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 21 ნოემბრის განაჩენით ი. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით ი. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6-6 თვით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1-1 წლით, ხოლო 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ი. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი, 11 თვე, 20 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 17 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 8000 ლარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ი. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ი. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-5 ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული სასჯელების ნაწილი – 4 თვე, 15 დღე თითოეული ეპიზოდისათვის, ასევე – სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, 1 თვე, 15 დღე და ი. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენი და 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაზუსტდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი ი. მ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში და მას საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული ი. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-5 ეპიზოდი) მას მისჯილი ჰქონდა 1 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც დაზუსტდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი ი. მ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში. შესაბამისად, აღარ არსებობს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი ი. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე