დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.12.2013
საქმის ნომერი
1321აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.12.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1321აგ-13 6 დეკემბერი, 2013 წელი

კ-ე ფ, 1321აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით ფ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2 000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით ფ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა სასჯელი - 3 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ფ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა რეალურ ზომად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 5 აგვისტოდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ფ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ფ. კ-ს სასჯელი განესაზღვრა რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით, კერძოდ: 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ 2 წელს დაემატა 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი, 1 თვე, 27 დღე და 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე, 25 დღე, ასევე - პირობითი მსჯავრი 3 წლის ვადით, რის გამოც საბოლოოდ რეალურ ზომად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ფ. კ-ე გათავისუფლდა 2009 წლის 18 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა 2011 წლის 4 აპრილისა და 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წელი, 11 თვე და 27 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო -2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 10 იანვრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ფ. კ-ს ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული 7 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოუხდელი ნაწილი განისაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 17 დღით; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალურ ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და ამ განჩინებით შემცირებული რეალური სასჯელის მოუხდელი ნაწილი განისაზღვრა 1 წლით, 9 თვითა და 15 დღით;

ფ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ფ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით, 11 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ფ. კ-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინებასა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 თვეს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 3 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 3 წელი; 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული, რეალურად მოსახდელი სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) - 1 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი და საბოლოოდ ფ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 20 ოქტომბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განჩინება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენში ფ. კ-ს მიმართ შევიდა შესწორება და განაჩენის დადგენილებითი ნაწილის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, სსკ–ის 273–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 თვეს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით, სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) 3 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 3 წელი; 2011 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული, რეალურად მოსახდელი სასჯელიდან (ამნისტიის გათვალისწინებით) 1 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთიდან – 1 წელი და საბოლოოდ მსჯავრდებულ ფ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით“. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ფ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში, ფ. კ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. კ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ფ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი