ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№19601-13 9 იანვარი, 2014 წელი
გ-ი გ, 19601-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ი. მ-ს
ადვოკატ - დ. შ-ს
მსჯავრდებულ - გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 28 ივნისის განაჩენი გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 239–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მსჯავრდების ეპიზოდში გაუქმდა და საქმე ამ ეპიზოდში წარმოებით შეწყდა.
განაჩენი გ. გ-ს მიმართ სსკ–ის 108–ე მუხლით (1960 წლის კოდექსი) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, რომლითაც შეფარდებული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელად. გ. გ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -1997 წლის 13 აგვისტოდან 1998 წლის 14 ივლისამდე, 6 თვე, ერთი დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 2 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, მას მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 5 თვე და 29 დღე და საბოლოოდ გ. გ-ს განესაზღვრა 21 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 1 სექტემბრიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით მსჯავრდების ორ - 2007 წლის 17 ივნისისა და 5 ივლისის ეპიზოდებში.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 15 მაისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით (2007 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 5 თვე და 29 დღე და საბოლოოდ გ. გ-ს განესაზღვრა 18 წლით, 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (6 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა 14 წელი, 9 თვე და 2 დღე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 27 ნოემბრიდან.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ს გაუნახევრდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენითა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (6 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე და მოსახდელად დარჩა 12 წელი, 6 თვე და 2 დღე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2008 წლის 30 აპრილის მდგომარეობით) – 2 წელი, 5 თვე და 29 დღე და განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა;
გ. გ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (6 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან;
გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა 10 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 აპრილის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და გ. გ-ს განესაზღვროს 10 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 31 აგვისტოდან“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გასწორდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უზუსტობა და განჩინების აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (2008 წლის 30 აპრილის მდგომარეობით) – 2 წელი, 5 თვე და 29 დღე და განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა“. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 31 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. შ-ა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.
საქმის მასალების მიხედვით, გ. გ-ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი), ამასთან, იგი არ არის ადრე ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 2 წელი, 5 თვე და 29 დღე - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 14 დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით, 10 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2007 წლის 31 აგვისტოდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წელი, 5 (ხუთი) თვე და 29 (ოცდაცხრა) დღე შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 1 (ერთი) წელს, 10 (ათი) თვესა და 14 (თოთხმეტი) დღეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით, 10 (ათი) თვითა და 14 (თოთხმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2007 წლის 31 აგვისტოდან.
მსჯავრდებული გ. გ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ გ. გ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
ბ. ალავიძე