შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.02.2014
საქმის ნომერი
2კ-142აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№142აპ-13 12 თებერვალი, 2014 წელი

ხ-ა ა.- 142აპ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის

პროკურორ _ მ. მ-ის

ადვოკატ – მ. ჭ-ას

მსჯავრდებულ _ ა. ხ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენით ა. ხ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. ზუგდიდში, ნ-ისა და რ-ის ქუჩების კვეთაზე, ა. ხ-ამ სცადა მ. ა-ის მკვლელობა.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. ხ-ას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 12 ნოემბრიდან.

ამასთან, გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების ბედი: 2 სისხლისმაგვარი ლაქა და ე.წ. ტროსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ხ-ამ და ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მისი ქმედების სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 121-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი – მსჯავრდებული ა. ხ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დანის გამოყენება პროვოცირებული იყო დაზარალებულის მიერ; ა. ხ-ას არ ჰქონია მ. ა-ის მოკვლის განზრახვა, დანა დაარტყა მხოლოდ ერთხელ, თავდამსხმელის თავიდან მოსაშორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დაარტყამდა, რისი შესაძლებლობაც რეალურად ჰქონდა; დაზარალებულმა მ. ა-ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის (მათ შორის - მეტალის ე.წ. ტროსით) მიყენების ფაქტი; მეტალის ე.წ. ტროსით მიყენებული დარტყმები მას აყენებდა აუტანელ ტკივილს, მით უფრო ჯანმრთელობის მდგომარეობის (ძველი ტრავმის) გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია მისი სულიერი აღელვება და აიძულა დანის გამოყენება; გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა მეტალის საგანზე, არც სასამართლომ მოახდინა მისი დათვალიერება; არ ჩატარდა მისი ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. ხ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენის შეცვლას და მისი ქმედების სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 121-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და დაზარალებულ მ. ა-ეს ამ გარემოების გათვალისწინებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რადგან იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს. საკასაციო პალატას საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიაჩნია, რომ ა. ხ-ამ დაზარალებულ მ. ა-ეს დანა დაარტყა (მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება) აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, კერძოდ:

მოწმე (დაზარალებული) მ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ავტობუსის მძღოლი და მუშაობს ჯ-ი–ზ-ის მარშრუტზე. 2012 წლის ოქტომბერში ა. ხ-ამ იმგზავრა მისი ავტობუსით, რისთვისაც ბილეთის საფასური არ გადაახდევინა. ა. ხ-ამ ასევე სთხოვა ფული, რის თაობაზეც შეკამათდნენ და იჩხუბეს. ისინი გააშველეს ტაქსის მძღოლებმა.

მოწმის განმარტებით, 2012 წლის 7 ნოემბერს მას ზუგდიდიდან უნდა შეესრულებინა ბოლო რეისი. ხელში ეჭირა ველოსიპედის ე.წ. ტროსი (რეზინით იზოლირებული), რომელიც ხელოსანთან მიჰქონდა შესაკეთებლად და აპირებდა ავტობუსიდან ჩასვლას. ამ დროს უკნიდან ა. ხ-ამ თავში ორჯერ ჩაარტყა მუშტი და თან უსაყვედურა, თუ რატომ არ მისცა ფული. ამის შემდეგ ა. ხ-ა გაიქცა, ხოლო იგი გაეკიდა, მოუქნია ხელი, რომელშიც ტროსი ეჭირა. მათ შორის ჩადგა უცხო პირი, ამასთან, იგრძნო, რომ დაჭრილი იყო. ა. ხ-ამ იგი დაჭრა ავტობუსიდან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით.

მოწმე ნ. ხ-ას (ბრალდებულის ძმა) ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს ძმასთან ერთად ჩავიდა ბათუმიდან ზუგდიდში, სადაც ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ ავტობუსების გაჩერებასთან, მდინარე ჩხოუშიას ხიდთან, კვლავ შეხვედროდნენ ერთმანეთს. დათქმულ ადგილას მივიდა დაახლოებით 16 საათზე და დაინახა, როგორ გარბოდა მისი ძმა, რომელსაც უკან მისდევდა ავტობუსის მძღოლი რკინის საგნით და იქნევდა ა. ხ-ას მიმართულებით, თუმცა დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. იგი მივიდა გასაშველებლად, ჩადგა შუაში, რა დროსაც ა. ხ-ა გაიქცა, ხოლო მ. ა-ემ აიწია პერანგი, რომლის შიგნით სხეული დასისხლიანებული ჰქონდა და თქვა, რომ ა. ხ-ამ დაარტყა დანა. ნ. ხ-ამ დამატებით განმარტა, რომ მის ძმას წარსულში მიღებული აქვს თავის ტრავმა და არის ავადმყოფი. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.

მოწმე მ. წ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2012 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ავტობუსის მძღოლი მ. ა-ძე მივიდა მასთან და უთხრა, რომ დაჭრილი იყო. დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს.

მოწმე ე. ხ-ას (ბრალდებულის მამა) ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი შვილთან - ა. ხ-სთან ერთად პერიოდულად მიემგზავრებოდა თურქეთში, სადაც ფიზიკურად მუშაობენ. 2012 წლის 10 ნოემბერს დაურეკეს სახლიდან და აცნობეს, რომ ა. ხ-ას ეძებდა პოლიცია. მეორე დღესვე დაბრუნდნენ საქართველოში. როდესაც შვილთან - ა. ხ-სთან ერთად მიდიოდა პოლიციაში, პოლიციის თანამშრომლებმა ა. ხ-ა გზაში დააკავეს. მომხდარის თაობაზე გაიგო ახლობლებისაგან.

მოწმე ა. ხ-ას (ბრალდებულის და) ჩვენების თანახმად, მან მომხდარის შესახებ გაიგო ძმისგან. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის დღეს მძღოლმა შეურაცხყოფა მიაყენა ა. ხ-ას, მოუქნია ხელი, რომელშიც ,,რაღაც“ ეჭირა და ამის შემდეგ დაარტყა მისმა ძმამ დანა მ. ა-ეს. მოწმის განმარტებით, ა. ხ-ა არის ავადმყოფი, ბავშვობაში თავის ტრავმა აქვს მიღებული და ნერვიულია.

ანალოგიური ფაქტები დასტურდება მოწმე ბ. ხ-ასა (ბრალდებულის ძმა) და დ. გ-ას (ბრალდებულის დის ქმარი) ჩვენებებით. როგორც მათთვის ნ. ხ-ასაგან გახდა ცნობილი, ზუგდიდში, ავტობუსების გაჩერებაზე, მ. ა-ე მისდევდა ა. ხ-ას და ,,რაღაცას“ ურტყამდა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა დანა.

2012 წლის 7 ნოემბერს შემთხვევის ადგილის დათვალიერების (ქ. ზუგდიდი, რ-ისა და ნ-ის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერი) ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 2 სისხლისმაგვარი ლაქა და მოწითალო ფერის რეზინის იზოლაციის მქონე რკინისმაგვარი მავთული ე.წ. ტროსი;

2012 წლის 12 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ მ. წ-ამ ამოიცნო ა. ხ-ა, რომელსაც 2012 წლის 7 ნოემბერს მ. ა-ის დაჭრის მომენტში ხელში ეჭირა დანა.

2012 წლის 25 იანვრის №... სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ა-ეს დანით მიყენებული აქვს ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარჯვენა ფილტვის დაზიანებით (ჰემოთორაქსი, ჰემორაგიული შოკი III-IVხ.), რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ–მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

ბრალდებულმა ა. ხ-ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2012 წლის ოქტომბერში ჯვარიდან ზუგდიდამდე დაემგზავრა მ. ა-ეს და სთხოვა 2 ლარი, რაზეც პასუხად დაზარალებულმა ხელი დაარტყა. 2012 წლის 7 ნოემბერს იგი თურქეთიდან ჩამოვიდა ზუგდიდში, ბაზარში სხვადასხვა პროდუქტთან ერთად 10 ლარად შეიძინა დანა და მივიდა ავტობუსების გაჩერებაზე, საიდანაც ჯვარის მიმართულებით გადიან ავტობუსები. ავიდა მ. ა-ის ავტობუსში, ჰკითხა, თუ რატომ დაარტყა ადრე, ამასთან, ხელი ორჯერ გაარტყა და გადმოვიდა ავტომანქანიდან. მ. ა-ე გადმოჰყვა, გამოეკიდა და რაღაც საგანს მწარედ ურტყამდა, ვერ მოიშორა, ამოიღო ჩანთიდან დანა და დაარტყა. ამ დროს შუაში ჩაუდგა ძმა, თვითონ გაიქცა და დანაც გადააგდო. ამის შემდეგ იგი სამუშაოდ წავიდა თურქეთში მამასთან, თუმცა ვინაიდან დაურეკეს, რომ პოლიცია ეძებდა, დაბრუნდა და პოლიციას ჩაბარდა. ა. ხ-ამ განმარტა, რომ მ. ა-ის მოკვლის სურვილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ კონფლიქტს წინ უძღოდა მათ შორის ერთი თვით ადრე მომხდარი ჩხუბი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულ ა. ხ-ას ექნებოდა მ. ა-ის მოკვლის განზრახვა, ავტობუსშივე მოიყვანდა სისრულეში, დაარტყამდა დანას და არა - ხელს. ამდენად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა ა. ხ-ამ დანა შეიძინა შემთხვევის დღეს, თავისთავად, არ ადასტურებს მის განზრახვას - მოეკლა მ. ა-ე. პირიქით, ავტობუსში მისთვის ხელის დარტყმა და შემდეგ გაქცევა, გამორიცხავს დაზარალებულის მკვლელობის განზრახვის არსებობას. ამასთან, ა. ხ-ას მ. ა-ის მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ძმის მისვლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ დაერტყა დაზარალებულისათვის დანა, რაც მას არ გაუკეთებია.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ხ-ას ქმედება არ წარმოადგენს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ვინაიდან არ შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს.

საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას შემდეგ, რაც ა. ხ-ამ ავტობუსში ორჯერ დაარტყა ხელი მ. ა-ეს, გაიქცა, ხოლო მ. ა-ე (ფიზიკურად უფრო ძლიერი) ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან, გაეკიდა ა. ხ-ას (აქვს თავის ტრავმა) და სკვერში, ავტობუსიდან მოშორებით, გამეტებით ურტყამდა ე.წ. ტროსს, რასაც დაზარალებულიც არ უარყოფს. პალატის აზრით, აღნიშნული გარემოება დაზარალებულ მ. ა-ის ფიზიკურ უპირატესობაზე მიუთითებს. მსჯავრდებულმა აღიქვა, რომ დაზარალებულისაგან სერიოზული საფრთხე ელოდა, პარკიდან ამოიღო დანა და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ხ-ას ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. მართალია, ა. ხ-ას დაზარალებულ მ. ა-ისაგან შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მოგერიების ვითარება, მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მასზე თავდასხმა, მიუხედავად ინტენსივობისა, არ ატარებდა ისეთ საშიშ ხასიათს (რეზინით იზოლირებული ველოსიპედის ე.წ. ტროსის დარტყმა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რომ მოსაგერიებლად დაზარალებულისათვის დანით მიეყენებინა მუცლის ღრუში შემავალი, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მსჯავრდებული აღმოჩნდა აშკარა შეუსაბამობაში თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან, რაც წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას (თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან - სსკ-ის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია, როდესაც მსჯავრდებულ ა. ხ-ას მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა, მაშინ, როდესაც ა. ხ-ამ დაზარალებულ მ. ა-ეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ე.ი. ა. ხ-ამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ა. ხ-ას მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

მსჯავრდებულ ა. ხ-ას მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც საკმარისი ზომა მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ ა. ხ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

ა. ხ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ხ-ას სასჯელის ვადა აეთვალოს 2012 წლის 12 ნოემბრიდან.

ა. ხ-ას დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ა. ხ-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი