დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№705აგ -13 17 თებერვალი, 2014 წელი
გ-ე ი.- 705-აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 14 მაისის განაჩენით ი. გ-ე, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით, 152-ე მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 17,243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, ი. გ-ეს მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 1993 წლის 26 აპრილიდან (ი. გ-ე 1995 წლის 3 მარტს გაიქცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით ი.გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,2091-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 6 აპრილიდან 2010 წლის 20 მარტამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლითაც ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 9 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;
სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით;
სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) – 6 თვით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) – 1 წლით;
სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეკრების წესით, ი. გ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 20 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 6 აპრილიდან 2010 წლის 20 მარტამდე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (აღუსრულებელი განაჩენების მიხედვით სასჯელის განსაზღვრის შესახებ, რომელშიც არსებული უზუსტობა გასწორდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განჩინებით) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ივლისის განაჩენით დანიშნულ და მოსახდელად დარჩენილ სასჯელს - 14 წელს, 3 თვესა და 20 დღეს - დაემატა წინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, მასვე დაემატა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 წელი, 1 თვე და 23 დღე და საბოლოოდ ი. გ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 30 წლით, 1 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ი. გ-ის საჩივარი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის ხარვეზის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ი. გ-ეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 მარტის განჩინებით (გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის უზუსტობის განჩინების გათვალისწინებით) განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 22 წლით, 7 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 3 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
ი. გ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 30 მარტიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 5 ივნისს ი. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე სსკ-ის 59-ე და სსსკ-ის 310-ე მუხლებში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთან მსჯავრდებულმა ითხოვა სასჯელის განსაზღვრა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის გამოყენებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 1994 წლის 12 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 9 წლის მოუხდელ ნაწილს - 7 წელს, 1 თვესა და 23 დღეს დაუსაბუთებლად დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და ითხოვა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენისას შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ი. გ-ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. ამასთან, პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის ხარვეზის განჩინების გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დადგენისას შთანთქმის პრინციპის გამოყენების თაობაზე რადგან მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის მოთხოვნებს. ამდენად, ვინაიდან კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი