დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1108აგ-13 7 მარტი, 2014 წელი
ფ-ი თ., 1108აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 29 მარტის განაჩენით თ. ფ-ი, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტებით, 110-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ფ-ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 2004 წლის 3 მარტს, პირობით ვადაზე ადრე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენით თ. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი, 7 თვე, 23 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე თ. ფ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 5 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 14 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა თ. ფ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ფ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 იანვრის განაჩენი და 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული თ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულ თ. ფ-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენი თ. ფ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე