დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2014
საქმის ნომერი
1192აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1192აგ-13 12 მარტი, 2014 წელი

მ-ი კ., 1192აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით კ. მ-ი, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ვ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 15 წლით, ხოლო 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით მას განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით კ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; სასჯელის საბოლოო ზომად მას განესაზღვრა 18 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ამნისტიის აქტის საფუძველზე კ. მ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით ამნისტიის აქტის საფუძველზე კ. მ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 10 ოქტომბრიდან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. მ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 4 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 24 მაისს მსჯავრდებულმა კ. მ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ვ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ასევე ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილება და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული კ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის საბოლოო ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც შეადგენს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციულ წილს) განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების შემთხვევაში - ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სააპელაციო პალატის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნულმა და ამნისტიის აქტის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა – 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება კ. მ-ის მითითებას, რომ მის მიმართ სასჯელთა შთანთქმისას ნაწილობრივი შეკრების წესიც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ეს მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საკასაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს.

ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან კანონიერი და დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი კ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე