დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№30აგ-14 14 აპრილი, 2014 წელი
ა-ა გ 30აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 იანვრის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ ლ. ფ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა პროკურორ ლ. ფ-ა და ბრალდებულ თ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, თ. ჩ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 წელი და 6 თვე - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. თ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ივნისიდან.
ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი. ნ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ივნისიდან.
გ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი. გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე პროკურორსა და მსჯავრდებულებს – გ. ა-ა და ნ. ს-ს შორის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
გ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი. გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ივნისიდან.
ნ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე, 6 წელი და 6 თვე - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 5000 ლარი - დარჩა უცვლელად. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 1 ივნისიდან.
2014 წლის 17 თებერვალს მსჯავრდებულმა გ. ა-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
მსჯავრდებული გ. ა-ა წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მას 20 ყალბი ამერიკული დოლარი ჰქონდა, რომელიც სხვამ მისცა, თვითონ კი ნ. ს-ს გადასცა, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ბანკნოტები სარეალიზაციოდ თურქეთში მიჰქონდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეის მდგომარეობით სხვებს, რომლებსაც მასზე მეტი ყალბი დოლარი ჰქონდათ, ამგვარი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის პირველი ნაწილით ასამართლებენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა თავისი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილიდან სსკ–ის 212–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულმა გ. ა-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, იგი არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებას და ითხოვს მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილიდან სსკ–ის 212–ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენის გამოტანის დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციისა და დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კატეგორია არ შეცვლილა და აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიც ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, მსჯავრდებულ გ. ა-ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ გ. ა-ს არგუმენტაციას, რომ მას არასწორად დაედო მსჯავრი საქართველოს სსკ–ის 212–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამიტომ მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველი ნაწილზე. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. ა-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე