საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1389აგ-13 7 მაისი, 2014 წელი
გ-ი ი.- 1389აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით ი. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 210–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ ავადმყოფობის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადების შესახებ.
მსჯავრდებულ ი. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულება გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელის მოხდის ადგილიდან.
აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით.
2013 წლის 21 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ი. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ი. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. გ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსადმი მითითება შუამდგომლობის განსახილველად დაშვების თაობაზე. ი. გ-მა ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, რაც არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. ამავე კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ს სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული აქვს ახალი კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად, 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებას აქვს უკუძალა მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი გადავადებულია, ამდენად, საქმეზე სამართალწარმოება არ არის დასრულებული და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება წარმოადგენს განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს სამართალწარმოებადასრულებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაუშვას განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ი. გ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი