დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1393აგ-13 28 მაისი, 2014 წელი
ხ-ე გ.-1393აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განაჩენით გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 364-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 226-ე მუხლით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ხ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ხ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 1 წელი, 1 თვე და 19 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 10 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 აგვისტოს განაჩენით სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით:
საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს არაერთხელ დააყენა შუამდგომლობა საგადასახადო სამსახურიდან წლიური ბალანსისა და სხვა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, რაც არ დაუკმაყოფილეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გაეცნო საარქივო მასალებს, რომლებშიც აღმოაჩინა ორი დოკუმენტი - წლიური ბალანსი და ფაბრიკის დირექტორისა და ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი წერილი საგადასახადო სამსახურისადმი, რითაც უტყუარად დასტურდება მისი უდანაშაულობა. მსჯავრდებულმა გ. ხ-ემ მიუთითა, რომ სწორედ ეს ორი დოკუმენტი წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და, შესაბამისად, ითხოვა მათი გამოთხოვა ქუთაისის საგადასახადო სამსახურის არქივიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინების თაობაზე გ. ხ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საგადასახადო სამსახურის არქივში აღმოჩენილი დოკუმენტები - წლიური ბალანსი და ფაბრიკის დირექტორისა და ბუღალტრის მიერ ხელმოწერილი წერილი საგადასახადო სამსახურისადმი, უტყუარად ადასტურებს მის უდანაშაულობას, რის გამოც მისი შუამდგომლობა დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ საჩივარში დასახელებულ გარემოებაზე (საგადასახადო სამსახურის არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც, გ. ხ-ის განმარტებით, ადასტურებს მის უდანაშაულობას სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში) მხოლოდ მისი მითითება არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, ან საპროცესო კანონით გათვალისწინებულ სხვა ისეთ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კასატორის მიერ საარქივო მასალების გაცნობა თავისთავად არ ანიჭებს არქივში დაცულ სავარაუდო დოკუმენტებს ახალი მტკიცებულების ან ამ მტკიცებულებით დასადგენ ფაქტს ახალი ფაქტის სტატუსს, მით უფრო, რომ ამ დოკუმენტების საგადასახადო სამსახურის არქივში არსებობასა და მათ შინაარსზე მხოლოდ კასატორი მიუთითებს, რაც პირდაპირ ან ირიბად რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი