ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№241-14 16 ივნისი, 2014 წელი
გ-ე გ, 241-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ნ. ბ-ს
ადვოკატ - დ. გ-ს
მსჯავრდებულ - გ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.
2013 წლის 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. გ-ა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრებულ გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. გ. გ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განჩინების აღსრულების მომენტიდან.
საქმის მასალების მიხედვით, გ. გ-ე დააკავეს 2014 წლის 25 მაისს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-ა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 14 მაისით დათარიღებული, დაზარალებულ მ. ა-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანხმობას აცხადებს, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, იგი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული გ. გ-ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.
მსჯავრდებული გ. გ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი