დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№18აგ-14 29 ივლისი, 2014 წელი
ტ-ი გ.- 18აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ. ტ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 10 მაისის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით;
- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 28 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ტ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. გ. ტ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 28 ივნისიდან.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულებით გ. ტ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით გ. ტ-ის მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება, კერძოდ: ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (სამი ეპიზოდი) და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 4 თვით პირობითი მსჯავრი, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა გ. ტ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ქ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა გ. ტ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის შესაბამისობაში მოყვანა სსკ-ის 59-ე მუხლის ახალ რედაქციასთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. ამავე კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
3. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
3. მოცემულ შემთხვევაში გ. ტ-ს დღეის მდგომარეობით სასჯელი, რომელიც ჩათვლილი აქვს პირობით, დანიშნული აქვს მხოლოდ ერთი მუხლით - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 10 მაისის ეპიზოდი), დანარჩენ ორ ეპიზოდში მას დანიშნული ჰქონდა რეალური (საპატიმრო) სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, რომლისგანაც საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის შეწყალების აქტით გათავისუფლდა. ამდენად, სახეზე არ არის დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი მართებულია და არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განაჩენი გ. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი