დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.07.2014
საქმის ნომერი
27აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№27აგ-14 24 ივლისი, 2014 წელი

მ-ე დ.- 27აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარი და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2010 წლის 3 მარტიდან 4 მარტამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. მ-ე, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით, ხოლო 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრებით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე, 28 დღე და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 ივლისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ი. გ-ს, ვ. გ-სა და შ. კ-ეს.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა, კერძოდ: დ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

დ. მ-ეს საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 7 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი, 11 თვე და 28 დღე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის, 11 თვისა და 28 დღის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. დ. მ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 28 ივლისიდან. განაჩენი დ. მ-ის მიმართ სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული დ. მ-ე გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 1 წელი, 1 თვე და 15 დღე პირობითი მსჯავრი; 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ასევე – 9 თვე პირობითი მსჯავრი. საბოლოოდ დ. მ-ეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობით - 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინებით, კერძოდ: დ. მ-ეს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, 1 თვე და 26 დღე. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა დ. მ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჩ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.

იმის გათვალისწინებით, რომ დ. მ-ე გასამართლებულია განზრახი დანაშაულის (სსკ-ის 236-ე მუხლი) ჩადენისათვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ დ. მ-ისათვის სასჯელის შემცირება, მით უმეტეს - შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვრის განაჩენი დ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი