შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#308აპ.-14 ქ. თბილისი
დ-ე დ.-308ap.-14 23 იანვარი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. გ-ის
ადვოკატების – ე. პ-ის, ჯ. კ-ის
მსჯავრდებულ _ დ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჯ. კ-ისა და ე. პ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის – ვ. თ-ის შუამდგომლობა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენით დ. დ-ე, –ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. დ-ეს ბრალი ედებოდა იმაში, რომ ჩაიდინა ქრთამის აღება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 15 თებერვალს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის №-- ბრძანებით დ. დ-ე დაინიშნა შსს აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს ქალაქ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. 2013 წლის 29 მარტს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან შსს აჭარის მთავარ სამმართველოში გადაიგზავნა სამსახურებრივი ბარათი (წერილი), რომელიც შესასრულებლად დაეწერა დ. დ-ეს. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნული იყო, რომ ანკარის ინტერპოლიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე მიგრანტების ტრეფიკინგის ბრალდებით იძებნებოდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული შ. შ-ი. ამავე ბარათით მოითხოვდნენ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას ძებნილი პირის ადგილსამყოფლის დასადგენად.
4. დ. დ-ემ დაადგინა შ. შ-ის ავტომანქანა – „ფოლკსვაგენ ჯეტა“, სანომრე ნიშნით ---, რომელიც მან 2013 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, შეამჩნია ქ. ბათუმში, ლ-ის ქ. №--ში მდებარე კლუბ „---ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. დ. დ-ემ იქვე, ახლოს გააჩერა თავისი „ვაზ–2106“ მარკის ავტომანქანა, სანომრე ნიშნით ---, თანამშრომელ გ. გ-ესთან ერთად გაემართა „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომანქანასთან მდგარი პირისაკენ, რომელსაც ისინი გაეცნენ პოლიციელებად, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები და ჰკითხეს სახელი და გვარი. შ. შ-ის ვინაობის დადგენის შემდეგ დ. დ-ემ თურქულად ჰკითხა მას, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან, რაზეც შ. შ-მა უპასუხა, რომ 2013 წლის 18 აპრილს თურქეთის რესპუბლიკაში ჰქონდა სასამართლო პროცესი. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღებისა და ანკარის ინტერპოლის მონაცემების საფუძველზე დ. დ-ემ განიზრახა, არამართლზომიერი სარგებლის მიღების მიზნით, გარკვეული გარანტიის მიცემის სანაცვლოდ ფულადი თანხა მოეთხოვა შ. შ-ისათვის. დ. დ-ემ შ. შ-ს მოსთხოვა, ჩამჯდარიყო „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომანქანაში, რომელშიც ასევე ჩაჯდა გ. გ-ე. დ. დ-ემ შ. შ-ს თურქულ ენაზე მოსთხოვა მისთვის 500 აშშ დოლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიდა და არ მისცემდა მშვიდი ცხოვრების საშუალებას. დ. დ-ე ასევე დაჰპირდა, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას და შ. შ-ს ბათუმში პრობლემები არ შეექმნებოდა. 2013 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 20.50 საათზე, დ. დ-ემ ქრთამის აღებაში საკუთარი თავის შესანიღბად შ. შ-თან თანხის გამოსართმევად გაგზავნა თავისი მეზობელი ქ. დ-ა, რომელსაც ქ. ბათუმში, ი--ის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „---“ შ. შ-მა დ. დ-ისათვის გადასაცემად მისცა გამოძიების მიერ წინასწარ გამოყოფილი 500 აშშ დოლარი.
5. გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მთავარმა პროკურორმა ვ. თ-ემ. მან ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენის გაუქმება და დ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
6. პროკურორმა ვ. თ-ემ ასევე გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინება და ითხოვა მისი გაუქმება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 იანვრის განაჩენი; დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 7 ივლისიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 8 იანვრამდე.
8. კასატორები: მსჯავრდებულ დ. დ-ის ადვოკატები – ჯ. კ-ე და ე. პ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ შ. შ-ს სასამართლოს არც ერთ სხდომაზე არ განუცხადებია, რომ დ. დ-ემ მას მოსთხოვა ქრთამი და სანაცვლოდ შეჰპირდა რაიმე ქმედების განხორციელებას ან მისგან თავის შეკავებას, სამსახურებრივ მფარველობას, რაიმე გარანტიას ან სამსახურის გაწევას; შ. შ-ის ჩვენებითა და სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერის მიხედვით დადასტურდა, რომ 2013 წლის 11 აპრილის 18.49 საათზე, სატელეფონო საუბრისას, დ. დ-ემ შ. შ-ს განუცხადა, რომ მას ფული აღარ სჭირდებოდა და აღნიშნულთან დაკავშირებით აღარ დაურეკავდა; მართლაც, ამ საუბრის შემდეგ დ. დ-ეს შ. შ-ისათვის აღარ დაურეკავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა ხელი აიღო არაგონივრულ განზრახვაზე – საეჭვო პირისაგან ფულის სესხებაზე; შ. შ-ის განცხადებით, იგი დ. დ-ეს ურეკავდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა ზეწოლითა და მითითებით და ამზადებდა დანაშაულის პროვოკაციას.
9. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 12 აპრილს დ. დ-ემ სამსახურში მისვლისთანავე განუცხადა თავის უშუალო უფროსს, რომ დაადგინა შ. შ-ის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, ანუ დ. დ-ემ პირნათლად შეასრულა მიცემული დავალება და თანხის მოთხოვნის სანაცვლოდ შ. შ-ის სასარგებლოდ რაიმე ქმედება არ განუხორციელებია.
10. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში იმ ფაქტს, რომ დ. დ-ის მიერ გაგზავნილმა ქ. დ-ამ შ. შ-ს სამჯერ გაუმეორა, რომ დ. დ-ე სესხად აღებულ 500 აშშ დოლარს ერთ თვეში დაუბრუნებდა.
11. დ. დ-ის უდანაშაულობას, გარდა ზემოჩამოთვლილი გარემოებებისა, ადასტურებს მოწმე გ. გ-ის ჩვენებაც, რომელიც ადასტურებს, რომ შ. შ-ის ვინაობის დადგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია დ. დ-ემ გადასცა თავის ხელმძღვანელობას და მას თურქისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემა და მფარველობის გაწევა არ შეეძლო.
12. კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება, რომ გაეუქმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, მეტიც: მან საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დასაშვებად ცნო პროკურატურის მიერ დამატებით წარდგენილი მასალები და უკანონოდ დააკმაყოფილა შუამდგომლობა შ. შ-ის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დაკითხვის შესახებ. შ. შ-მა სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის დროს მისცა არათანმიმდევრული ჩვენება და განაცხადა, რომ გამოძიებასა და სასამართლოებში დაკითხვების დროს მან მისცა სწორი ჩვენება, თუმცა ეს ჩვენებები თარჯიმნებმა არასწორად თარგმნეს. აღმოჩნდა, რომ შ. შ-ი ტყუოდა და ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ვერ გამოიყენა ეს ჩვენებები, არასწორი ინტერპრეტაცია მისცა შ. შ-ის მიერ პირველ ინსტანციაში მიცემულ ჩვენებას და სწორედ ამ ჩვენების შინაარსის შეცვლის საფუძველზე მისცა დ. დ-ის ქმედებას დაუსაბუთებელი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა, თუ სასამართლომ მიზანშეწონილად ცნო შ. შ-ის ხელახალი დაკითხვა, მაშინ დ. დ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს რატომ არ დაუდო საფუძვლად შ. შ-ის სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენება და რატომ იხელმძღვანელა მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით.
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კორუფციულ სამართალდარღვევაში გადამწყვეტი ფაქტორია არა ის, ჰქონდა თუ არა თანამდებობის პირს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ მოქმედის განხორციელების უფლებამოსილება, არამედ ის, მოხდა თუ არა ქრთამის მოთხოვნა, შეთავაზება, გადაცემა ან დაპირება მისი მხრიდან სამსახურის გაწევის სანაცვლოდ. პალატის განმარტებით, იმას, თუ რა მოქმედება განახორციელა დ. დ-ემ თანხის მოთხოვნის შემდეგ, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ მოსაზრებას კასატორები არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ იგი ყოველგვარ ლოგიკისაა მოკლებული. საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებებით უდავოდ დადგინდა, რომ დ. დ-ეს არ მოუთხოვია ქრთამი შ. შ-ისათვის; ასევე დადგინდა, რომ დ. დ-ემ მიცემული დავალება პირნათლად შეასრულა და თავის უშუალო უფროსს აცნობა შ. შ-ის ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის თაობაზე.
14. კასატორთა აზრით, შ. შ-ის ჩვენებებში არაერთი არსებითი წინააღმდეგობაა, ამიტომ მათ მტკიცებულების ძალა არ უნდა ჰქონოდა და საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი; სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რის გამოც ადვოკატები – ჯ. კ-ე და ე. პ-ე ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის განაჩენის გაუქმებას და დ. დ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საკასაციო პალატამ დადგენილად მიიჩნიოს დ. დ-ის მიერ ქრთამის აღების ფაქტი, კერძოდ:
3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქრთამის აღება, როგორც დანაშაული, დამთავრებულია ქრთამის მოთხოვნის მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა, შესრულდება თუ არა მიცემული დაპირება. ასევე შემადგენლობის მიღმაა ისიც, ჰქონდა თუ არა მოხელეს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. ამასთან, იმისათვის, რათა განხორციელდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ თანხის მოთხოვნას თან ახლდეს ქრთამის მიმცემისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელების დაპირება, ასეთის გარეშე კი დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი სახეზე არ იქნება, რაც თავისთავად გამორიცხავს ამ დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
4. დაზარალებული შ. შ-ი არაერთხელ დაიკითხა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შ-მა განმარტა, რომ 2013 წლის 10 აპრილს მასთან ქუჩაში მივიდა ორი პირი (ერთი მათგანი იყო ბრლადებული დ-ე), რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციელები და მასთან სალაპარაკო ჰქონდათ. სამივე ჩაჯდა შ-ის მანქანაში. დ. დ-ემ, რომელიც თურქულად ესაუბრებოდა და ძირითადად სწორედ ის ეკონტაქტებოდა, აჩვენა რაღაც საქაღალდე მისი ფოტოსურათით, თუმცა შ-ისთვის უცნობია, რა ეწერა იმ ქაღალდებზე და არც დ-ეს აუხსნია ეს მისთვის. გამოჰკითხა, რას აკეთებდა საქართველოში, სად ცხოვრობდა. უთხრა, რომ იცოდა მისი პრობლემების შესახებ სამართალდამცავებთან და ისიც, რომ თურქეთიდან იყო გამოქცეული. ასევე უთხრა, რომ იცოდა მისი მანქანა, ასევე ისიც, რომ ფლობდა დისკო კლუბს და ჰკითხა, მისთვის რისი მიცემა შეეძლო და თავადვე დაუსახელა თანხა - 500 დოლარი, თუმცა თანხის სანაცვლოდ დ-ე არაფერს დაჰპირებია. არც პოლიციაში გადაყვანით დამუქრებია, არც სამსახურებრივ მფარველობასა თუ რაიმე სხვა სახის გარანტიების მიცემაზე ყოფილა საუბარი მისი მხრიდან, ასევე არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით ან ქონების განადგურებით. შ-ი დაჰპირდა, რომ თანხას, რომელიც იმ მომენტში ხელთ არ ჰქონდა, იშოვიდა და მისცემდა. დ-ემ გამოართვა მობილური ტელეფონის ნომერი და თანმხლებ პირთან ერთად დატოვა შ-ის ავტომანქანა. აღნიშნულ პირებთან შეხვედრის შემდეგ დაზარალებულმა, რომელიც შეშინდა იმის გამო, რომ უცხო ქვეყანაში იმყოფებოდა და ვერ გაიგო, რატომ სთხოვდნენ ფულს, ამასთან, იმის გასარკვევად, მართლა პოლიციელებთან ჰქონდა თუ არა საქმე, გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ორი დღის შემდეგ პოლიციაში მოხდა მისი აღჭურვა აუდიო–ვიდეო აპარატურით. დ-ეს შეუთანხმდა მარკეტ „---თან“ შეხვედრაზე, თუმცა იქ დ-ის მიერ გაგზავნილი სხვა პირი მივიდა, რომელსაც შ-მა დ-ისათვის მისაცემად გადასცა 500 აშშ დოლარი.
5. საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის შესაბამისად, დაზარალებული შ. შ-ი ხელახლა დაიკითხა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, სადაც მან განმარტა, რომ დ. დ-მ მოსთხოვა მას 500 აშშ დოლარი იმის სანაცვლოდ, რომ თავისუფლად ,,ემოძრავა“ ბათუმის ქუჩებში, ასევე დაემუქრა მანქანის აფეთქებით.
6. იქიდან გამომდინარე, რომ შ. შ-ის მიერ მიცმეული ჩვენებები დ-ის მიერ მისთვის ფულის მოთხოვნის მიზნის ნაწილში ურთიერთგამომრიცხავია, პალატა მას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი არადამაჯერებელია, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დ-ის მიერ შ-ისათვის თანხის სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ მოთხოვნის ფაქტი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, თუ რა პირობით მოსთხოვა დ-ემ შ-ს თანხა, დ. დ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
8. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. დ-ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
9. ბრალდებულმა დ. დ-ემ განმარტა, რომ 2013 წლის 29 მარტს დაეწერა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული წერილი, რომ უნდა დაედგინა თურქეთის მოქალაქე შ. შ-ის ადგილსამყოფელი. 5-6 დღის შემდეგ მან დაადგინა შ-ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანა ,,ფოლცვაგენ ჯეტა“ სახელმწიფო ნომრით ---. 2013 წლის 10 აპრილს გ. გ-ესთან ერთად ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთის ადგილიდან შენიშნა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. ისინი მიუახლოვდნენ შ-ს, წარუდგინეს თავი და ჩასხდნენ მის მანქანაში. მან გამოჰკითხა, თუ რას საქმიანობდა, სად ცხოვრობდა და ა.შ. შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ შ-მა თავად შესთავაზა რაიმეში ხომ არ სჭირდებოდა დახმარება, დ-ემ სთხოვა, ესესხებინა მისთვის 500 აშშ დოლარი. თანხის გამოსართმევად წასვლა სთხოვა მეგობარ ქ. დ-ას, ვინაიდან თვითონ არ ეცალა. 2013 წლის 12 აპრილს, სამსახურში მისვლისთანავე განუცხადა თავის უშუალო უფროსს, რომ დაადგინა შ. შ-ის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და მოპოვებული ინფორმაცია გადააგზავნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. დ-ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ შ-თან საუბარი ჰქონდა მის მიმართ თურქეთში არსებულ სასამართლო პროცესზე, ასევე -ბიზნესზე. აღნიშნა ისიც რომ მისი მხრიდან არაგონივრული საქციელი იყო ძებნილი პირისთვის თანხის სესხად გამორთმევა.
10. მოწმე გ. გ-ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ არის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი, დ. დ-ესთან ერთად ჩართული იყო ძებნის ჯგუფში და ევალებოდა ძებნილი პირების დადგენა და მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 2013 წლის 10 აპრილს დ-ესთან ერთად ავტომანქანით გავიდნენ სამსახურიდან. მანქანას დ-ე მართავდა. წავიდნენ ჩვეული გზით, ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით და იფიქრა კიდეც, რომ საწვავის ჩასასხმელად მიდიოდნენ. „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან დაინახეს ვერცხლისფერი მანქანა. დ-მა უთხრა – მე მგონი, იმ პირის მანქანაა, ვისი დადგენის მასალებიც მაწერიაო. გააჩერეს მანქანა, გადავიდნენ და მანქანასთან მდგარ შავგვრემან მამაკაცს გაესაუბრნენ, წარუდგინეს თავი, აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები, მერე სამივენი ჩასხდნენ მის ავტომანქანაში. მძღოლის გვერდით თვითონ დაჯდა, დ-ე კი - უკანა სავარძელზე. საუბარი, რომელიც დაახლოებით 4–5 წუთს გაგრძელდა, მიმდინარეობდა დ-სა და თურქ მამაკაცს შორის თურქულ ენაზე, რომელსაც გ-ე ვერ ფლობს, ამიტომ მისთვის უცნობია საუბრის შინაარსი.
11. მოწმე ქ. დ-ას მიერ საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 11 აპრილს, დ-თან შეხვედრისას, ამ უკანასკნელს რამდენჯერმე დაურეკა თურქმა მამაკაცმა. დ-ემ დ-ას აუხსნა, რომ თურქისთვის სესხად უნდა გამოერთმია თანხა და სთხოვა მისულიყო მასთან ფულის წამოსაღებად. იმ დღეს შეხვედრა ვერ მოხდა, ხოლო მეორე დღეს, დ-ს თხოვნით, მარკეტ „---თან“ შეხვდა შ-ს, ჩაუჯდა მანქანაში, უთხრა, რომ დ-ს მეგობარი იყო და მან გამოგზავნა ფულის გამოსართმევად. შ-ი დამტვრეული ქართულით ესაუბრებოდა, ქართულ ენაზე გადაუთვალა ფულის კუპიურები და სულ 500 აშშ დოლარი დ-ისათვის მისაცემად გადასცა, დამშვიდობებისას დ-ამ სესხის ერთ თვეში დაბრუნება აღუთქვა.
12. ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციით, კერძოდ, ფარული აუდიო–ვიდეოჩანაწერით, რომელიც გამოკვლეულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, დასტურდება, რომ შ. შ-მა 2013 წლის 12 აპრილს დ-ის მიერ გაგზავნილ პირს გადასცა 500 აშშ დოლარი, ხოლო ეს უკანასკნელი ფულის ერთ თვეში დაბრუნებას დაჰპირდა.
13. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 12 აპრილს, შ. შ-ისთვის თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს ქ. დ-ა, რომლისგანაც პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დაზარალებულის მიერ მიცემული 500 აშშ დოლარი.
14. მოწმე მ. კ-ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა საქმის არსებითი განხილვისას, ირკვევა, რომ არის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი. განყოფილებაში შექმნილია ე.წ. ძებნის ჯგუფი, რომელსაც ევალება ძებნილი პირების დადგენა–დაკავება. აღნიშნულ ჯგუფში სულ ოთხი თანამშრომელია, მათ შორის - დ. დ-ე და გ. გ-ე. 2013 წლის 29 მარტს ბათუმის საქალაქო სამმართველოში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან შევიდა წერილი, რომლის თანახმად: ინტერპოლიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა 1979 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული შ. შ-ი. მასალები შესასრულებლად დააწერა დ-ეს, რომელსაც პოლიციის აკადემია თურქეთში აქვს დამთავრებული და კარგად ფლობდა თურქულ ენას. 2013 წლის 12 აპრილს, 11.00 საათზე, დ-ემ აცნობა, რომ დაადგინა შ-ის ადგილსამყოფელი და გააგზავნა შესაბამისი წერილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. ზოგადად, პირის ადგილსამყოფლის დადგენა გულისხმობს, ძირითადად, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, ასევე სამუშაო ადგილის დადგენას, მაგრამ ისე, რომ არ უნდა გამჟღავნდეს, რომ სამართალდამცავები დაინტერესებულები არიან კონკრეტული პირით. მ. კ-ემ დაადასტურა, რომ შ. შ-თან იმაზე საუბარი, რომ ჰქონდა პრობლემები სამართალდამცავებთან, ოპერატიული მუშაკის მხრიდან გაუმართლებელი და არასწორია , ვინაიდან შეიძლებოდა შ-ი მიმალულიყო.
15. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ. დ-ემ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, კერძოდ:
16. დ. დ-ე 2011 წლის 15 თებერვალს დაინიშნა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
17. ბათუმის საქალაქო სამმართველოში 2013 წლის 29 მარტს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან შესული წერილით და ამ წერილში ასახული დავალების შესრულების შესახებ 2013 წლის 12 აპრილის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის სახელით გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 29 მარტის მოთხოვნის საფუძველზე დაევალა თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი, 1979 წლის 1 ოქტომბერს დაბადებული შ. შ-ის ადგილსამყოფლის დადგენა. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება დაევალა ე.წ. ძებნის ჯგუფის წევრს - დ. დ-ეს.
18. 2013 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 17 საათზე, დ. დ-ე უშუალოდ შეხვდა შ. შ-ს ლ-ის ქ. ---ში მდებარე დისკო-კლუბის წინ. დ. დ-ემ, რომელსაც ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ასევე შიდა უწყებრივი ინსტრუქციებით ევალებოდა, კონსპირაციულობის წესების დაცვით დაედგინა ძებნილი შ. შ-ის ადგილსამყოფელი და ჩაეყენებინა ხელმძღვანელობა საქმის კურსში, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაამყარა ძებნილ პირთან პირადი კონტაქტი, გააგებინა მას, რომ ინფორმირებულნი იყვნენ მისი პრობლემების შესახებ და თანხაც მოსთხოვა. პალატას მიაჩნია, რომ მოხელისათვის შეუფერებელი აღნიშნული საქციელით დ. დ-ემ შელახა პოლიციის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რითიც არსებითად დააზიანა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
20. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატამ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში მიიღო დ. დ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: პალატამ გაითვალისწინა მისი წარსული ცხოვრება, პირადი მდგომარეობა - ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჯ. კ-ისა და ე. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დ. დ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
4. მსჯავრდებულ დ. დ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 7 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 15 აპრილიდან 2014 წლის 8 იანვრამდე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე