ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 10.03.2015
საქმის ნომერი
2კ-314აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №314აპ-14. ქ. თბილისი

ბ-ი გ., 314აპ–14 10 მარტი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – ლელა სანიკიძის

პროკურორ _ დ. კ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2. 2012 წლის ივნისში გ. ბ-ი თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა თ. ა-ის ავტომანქანას, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განაჩენით გ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 19 აგვისტოდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ. შ-ემ, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განაჩენის შეცვლა და გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-მა, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

6. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

7.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. კასატორი – ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ. შ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. ბ-მა ჩაიდინა თაღლითობა, რომლის ერთ-ერთი ნიშანია მოტყუება, რაც აშკარად სახეზეა; ასევე სახეზეა დაზარალებულის მხრიდან ქონების ნებაყოფლობით გადაცემა; გ. ბ-მა ჭეშმარიტება განზრახ დაამახინჯა და დაფარა დაზარალებულის შეცდომაში შესაყვანად, ანუ დანაშაულებრივი განზრახვა თავიდანვე ჰქონდა მოფიქრებული, რაც განახორციელა. კასატორის აზრით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, მიუხედავად ზეპირი შეთანხმებისა, დაზარალებულს გ. ბ-ისათვის ავტომანქანა მაშინვე არ გადაუცია, რომელსაც დანაშაულებრივი განზრახვა წარმოეშვა არა ნივთის გადაცემის შემდეგ, არამედ – შეთანხმების შემდეგ, ნივთის გადაცემამდე, რადგან გ. ბ-მა ავტომანქანა წამოყვანისთანავე, მაშინვე ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით; მას თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის გეგმა უკვე შემუშავებული ჰქონდა, რაც განახორციელა კიდეც.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი რ. შ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განაჩენის შეცვლას, გ. ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაზარალებულ თ. ა-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წელს გაიცნო გ. ბ-ი, რომელიც იყო მანქანის ხელოსანი. ვინაიდან მას შესაკეთებელი ჰყავდა ავტომანქანა „ფიატი“, სთხოვა ბ-ს შეეკეთებინა იგი. გ. ბ-მა მართლაც შეაკეთა აღნიშნული დაზიანებული ავტომანქანა, რისთვისაც, შეთანხმებისამებრ, გადაუხადა საფასური. დაზარალებულის განმარტებით, გ. ბ-მა ავტომანქანის ხარისხიანად შეკეთებით მისი ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც, 2012 წლის ივნისში, შეუთანხმდა მას შეეკეთებინა მისი მეორე ავტომანქანა „დაევო ლეგანზაც“, რაზეც იგი დათანხმდა. რამდენიმე დღის შემდეგ გ. ბ-მა მას გამოართვა 50 ლარი და უთხრა, რომ ეს თანხა ესაჭიროებოდა მანქანის სახელოსნოში ევაკუატორით გადასატანად.

3. მოწმე ჯ. დ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შავი ლითონის მიმღებად შპს „მეტალსტარში“. 2013 წლის ივნისში მასთან მოვიდა გ. ბ-ი, რომელსაც ქალაქიდან იცნობდა. მან ევაკუატორით მიიტანა შავი ფერის ავტომანქანა „დაევო ლეგანზა“ და უთხრა, რომ სურდა ამ ავტომანქანის ჯართში ჩაბარება, ასევე განუმარტა, რომ ავტომანქანა გამოუსადეგარი იყო, დედა ჰყავდა ავად და თანხის მიცემა ეჩქარებოდა, თან გადასცა მანქანის ტექნიკური პასპორტი, გასაღები და დაარწმუნა, რომ მანქანა ნამდვილად მისი იყო. ამის შემდეგ აწონეს მანქანა და მისმა ფასმა შეადგინა 220 ლარი, რაც გადაუხადა გ. ბ-ს.

4. მოწმე თ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის თ. ა-ის ბიძაშვილი. თ. ა-ემ მათი სახლის ეზოში გააჩერა თავისი ავტომანქანა „დაევო ლეგანზა“, რომელიც უნდა შეეკეთებინა. 2012 წლის ივნისში მან მიიყვანა ხელოსანი გ. ბ-ი და დაათვალიერებინა ავტომანქანა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნული პირი მივიდა მათთან ევაკუატორით და ავტომანქანა წაიყვანა.

5. სასაქონლო ექსპერტიზის №ს-141 დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ავტომანქანა „დაევო ლეგანზას“ საორიენტაციო ღირებულება, წარდგენის დროს არსებული ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 1200 ლარს.

6. ზემოაღნიშნული უტყუარი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. ბ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანას, რითიც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს ავტომანქანის ჯართში ჩაბარების განზრახვა წარმოეშვა მას შემდეგ, რაც ავტომანქანა მის კანონიერ მფლობელობაში მოექცა, რის გამოც სახეზეა სხვისი ნივთის მითვისება და არა - თაღლითობა.

8. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას, სრულად იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ თ. ა-ეს, გ. ბ-თან დანაშაულებრივ ქმედებამდე არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე (1-ლი მანქანის შეკეთება), წარმოეშვა ნდობა მის მიმართ, რითიც ბოროტად ისარგებლა ბ-მა და მოატყუა ა-ე, რომ მეორე მანქანასაც შეუკეთებდა. ის ფაქტი, რომ გ. ბ-ს თავიდანვე დანაშაულებრივი განზრახვა ამოძრავებდა, პალატას დადგენილად მიაჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, კერძოდ: თ. ა-ის, თ. ა-ისა და ჯ. დ-ის ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე უტყუარად დგინდება, რომ გ. ბ-ი შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში მივიდა დაზარალებულთან და გამოართვა 50 ლარი, რათა ევაკუატორით გადაეყვანა ავტომანქანა შავი ლითონის ჩასაბარებელ პუნქტში, ხოლო მესაკუთრე მოატყუა, რომ მანქანა მიჰყავდა შესაკეთებლად სახელოსნოში; მივიდა დაზარალებულის ნათესავთან - თ. ა-ესთან, წამოიყვანა ავტომანქანა და ყოველგვარი შუალედისა და დროის გასვლის გარეშე 220 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ-ის მიერ თ. ა-ის ეზოდან ავტომანქანის პირდაპირ ჯართის მიმღებ პუნქტში მიყვანის ფაქტი არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ბ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს გ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, მის წარსულ ცხოვრებას და ისე განუსაზღვრავს სამართლიან სასჯელს.

11. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან გ. ბ-ა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2012 წლის ზაფხულში, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: ხსენებული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან, ვინაიდან პროკურორმა დ. კ-მა საკასაციო პალატის სხდომაზე წარმოადგინა დაზარალებულ თ. ა-ის განცხადება, რომ მას მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, მის მიმართ გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პროკურორ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ბ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახით განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ბ-ი გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე