საზედამხედველო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№102აგ-14 14 მაისი, 2015 წელი
ე-ა ნ.- 102აგ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ნ. ე-ა, - საპროცესო შეთანხმებით, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა - 500 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ნ. ე-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. თ-ის ეპიზოდი) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს-ის ეპიზოდი) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. შ-ას ეპიზოდი) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ნ. ე-ას განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 20 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ნ. ე-ას მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება, კერძოდ: ნ. ე-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ნ. ე-ას მიმართ, კერძოდ: ნ. ე-ას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 20 თებერვლიდან.
7. მსჯავრდებულმა ნ. ე-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს 2013 წლის 11 დეკემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან დასჯადი აღარ არის 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარება, ამ ეპიზოდში ნ. ე-ას გამართლება, ამასთან, მომდევნო განაჩენით ნ. ე-ასათვის სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ნ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ, კერძოდ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის განაჩენი და ნ. ე-ა გამართლდა სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ე-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად, ითხოვეს სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, იმ საფუძვლით, რომ იგი გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულში, რის გამოც ახალ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე აღარ არის დანაშაულის რეციდივი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. ე-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით, სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ახალი რედაქციის შესაბამისად, გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც ახლად გამოვლენილი გარემოებაა და რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (სამი ეპიზოდი) და სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე არ გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ე-ას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. თ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს-ის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ა. შ-ას ეპიზოდი) და სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები და ნ. ე-ას საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2009 წლის 20 თებერვლიდან. ნ. ე-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
6. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ე-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი ნ. ე-ას მიმართ შეიცვალოს, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. თ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა – 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს-ის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ა. შ-ას ეპიზოდი) და სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელები და ნ. ე-ას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 20 თებერვლიდან.
3. ნ. ე-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
4. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი