შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №493აპ-14 ქ. თბილისი
მ-ი ლ, 493აპ-14 25 მაისი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორების - დ. კ-ს, ი. ც-ს
ადვოკატ - მ. ხ-ს
მსჯავრდებულ - ლ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ლ. მ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 12 სექტემბრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
3. ლ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გირაოს შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
4. 3 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ლ. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 12 სექტემბერს ლ. მ-ა დარეკა ნომერზე 112 და განაცხადა, რომ თ-ი, ს. ე-ს ქ. №-ში მდებარე ტელეკომპანია „რ-ს“ შენობაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. აღნიშნულით ხელი შეეშალა ტელეკომპანია „რ-ს“ სრულფასოვან ფუნქციონირებას, რითიც მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ:
ლ.მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 20 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 12 სექტემბრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
8. ლ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, ხოლო გირაოს შემტან პირებს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
9. 3 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10. მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და ლ. მ-ს გამართლებას.
25. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ლ. მ-ი.
26. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა დ. კ-ა და ი. ც-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და იშუამდგომლეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს ნომერზე 112 შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანია „რ-ს“ შენობაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემოწმების შედეგად არ დადასტურდა, ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
3. მოწმე ე. მ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის 112-ის თანამშრომელი. 2013 წლის 12 სექტემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 1030 საათისთვის, 112-ში შევიდა ზარი. უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც არ დაასახელა თავისი ვინაობა, უთხრა, რომ ,,რ-ს” შენობაში იყო ბომბი, რომელიც 1 საათში უნდა ამოქმედებულიყო. მის კითხვაზე, თუ რომელი შენობა იყო, ახალი თუ ძველი, უცნობმა უპასუხა, რომ ,,რ-ს” ახალ შენობას გულისხმობდა. მისამართის დაზუსტებაზე კი უპასუხა, რომ ეს თავად გაერკვიათ, ხოლო სახელისა და გვარის დაზუსტებაზე ტელეფონი გათიშა. სტანდარტის მიხედვით, მოწმემ ცვლის უფროსს მოახსენა ზარის შესახებ და პროგრამულად გადასცეს დისპეტჩერს, რომელსაც უშუალოდ აქვს კონტაქტი საპატრულო ეკიპაჟთან და ოცმეთაურთან. დაფიქსირდა, რომ იყო მამაკაცი, ხმის მიხედვით, სავარაუდოდ, 40-50 წლის, საკონტაქტო ინფორმაცია იყო ,,მაგთის“ ინდექსი -. 112-ზე შესული ზარები იწერება, რომელსაც ცვლის უფროსი უსმენს.
4. მოწმე ზ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ტელეკომპანია ,,რ-ს” მთავარი იურისტი. 2013 წლის 12 სექტემბერს, დილის საათებში, გაიგო სატელეფონო ზარის შესახებ, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია ,,რ-ი” ნაღმის არსებობას. 12 საათისთვის, როდესაც მიბრუნდა სამსახურში, თანამშრომლები გარეთ დახვდნენ, თუმცა ამ დრომდე ტელევიზიით უკვე გაგებული ჰქონდა მომხდარის შესახებ. ტელეკომპანიის პერიმეტრს აკონტროლებდა საპატრულო პოლიცია, ასევე მოსული იყვნენ გამნაღმველები, რომლებიც დაახლოებით 0930-1500 საათებში მუშაობდნენ და შენობაში არავის არ უშვებდნენ. შენობა პარალიზებული იყო. გამნაღმველებმა დაადგინეს, რომ შენობაში ბომბი არ იყო, შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას, რამაც შეაფერხა კომპანიის მუშაობა. იმ დროისათვის უნდა გასულიყო ეთერში გადაცემა ,,შ-ე“, რაც ვერ გავიდა, ასევე - რეკლამები, რომლებიც ,,რ-ს” შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
5. შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ლ. ც-ს 2013 წლის 12 სექტემბრის პატაკის თანახმად ირკვევა, რომ ოპერატიულად მოპოვებული ინფორმაციით, 2013 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საგანგებო მთავარ ცენტრში შევიდა სატელეფონო ზარი ნომრიდან. მამაკაცმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ,,რ-ი” არის ნაღმი. აღნიშნული ტელეფონით სარგებლობს ლ. მ-ი, რომელიც უნდა იმყოფებოდეს დროებით საცხოვრებელ მისამართზე, თ-ი, ნ-ს ქ. კორპ. , ბინა #-ში.
6. მოწმე ლ. ც-ს ჩვენებით, 2013 წლის 12 სექტემბერს ვაკე-საბურთალოს მეორე განყოფილებაში, მორიგე ჯგუფში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ტელეკომპანია ,,რ-ს” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გავიდა ადგილზე, მოპოვებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ. მან დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი, მისი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი და ეს პირი იყო ლ. მ-ი.
7. მოწმე ნ. მ-ს ჩვენებით, ის არის შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი. 2013 წლის 12 სექტემბერს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება. დაიწყეს გამოძიება, რის შედეგადაც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე - ტელეკომპანია ,,რ-ნ”. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გამნაღმველმა სამსახურმა ვერაფერი აღმოაჩინა. დეტექტივმა ლ. ც-ა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. იგი დაკითხულ იქნა აღნიშნულ საკითხზე, რის საფუძველზეც დააკავეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი - ლ. მ-ი. დაკავებული დაკითხა მ. ი-მ, წაუყენა ბრალი, დათვალიერდა ნივთმტკიცება. მოწმემ დაადასტურა, რომ მან მიიღო მონაწილეობა ლ. მ-ს დაკავებაში და მას ფორმა ეცვა. ლ. მ-ი იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად და მისთვის უცნობია, თუ ვინ წაიყვანა ნ. კ-ე. ლ. მ-ი დააკავა თანამშრომელ გ. ტ-ნ ერთად. ოპერატიულ ჯგუფში შედიოდნენ ასევე სხვა თანამშრომლებიც, თუმცა მან ლ. მ-ი დააკავა გ. ტ-ნ ერთად.
8. 2013 წლის 12 სექტემბრის გამოძიების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებებით დანაშაულის შესახებ, 2013 წლის 12 სექტემბრის შს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის სამმართველოს თანამშრომლის მიერ შედგენილი შემოწმების ოქმის თანახმად, დათვალიერდა და შემოწმდა სამაუწყებლო კომპანია ,,რ-ს” შენობაში განთავსებული ოთახები, კაბინეტები, სტუდიები, საპირფარეშოები, სხვენი და სარდაფი. შემოწმდა ძაღლებით ვიზუალურად შენობის გარე პერიმეტრი, თუმცა რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
9. 2013 წლის 12 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თ-ი, ს-ს ქ. #-ში, კერძოდ, ეს არის ტელეკომპანია ,,რ-ს” შენობა, რომლის შემოწმების შედეგადაც რაიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება ვერ იქნა აღმოჩენილი.
10. ასევე არ არის სადავო და ცალსახად დადგენილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ლ. მ-ი სარგებლობდა იმ მობილური ტელეფონით, რომლითაც განხორციელდა ზარი 112-ში. თავად ლ. მ-ი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ის სარგებლობს აღნიშნული მობილური ტელეფონით და 2013 წლის 12 სექტემბერსაც სარგებლობდა ამ ტელეფონით.
11. მოწმე მ. ი-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, ბრალდებულის დაკითხვა, ასევე ნ. კ-ა და ბრალდებულის გერის დაკითხვები. ნ. კ-ს დაკითხვისას წარდგენილ იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომელიც მ. ი-მ დაათვალიერა. დაკავების დღეს გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რადგან ნ. კ-ე გახდა ცუდად, თუმცა ეს იყო მის დაკითხვამდე თუ დაკითხვის შემდეგ, ვერ იხსენებს, ისევე როგორც იმ ფაქტს, თუ რა მედიკამენტები იქნა გამოყენებული.
12. თავად მოწმე ნ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონით სარგებლობდა მისი მეუღლე ლ. მ-ი. მითითებულ დღესაც ტელეფონი ჰქონდა მეუღლეს, რომელმაც შემდეგ მას გადასცა შესანახად. მას მობილური ტელეფონი ჰქონდა ჩანთაში.
13. გამომძიებელ მ. ი-ს მიერ 2013 წლის 12 სექტემბერს შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი. საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე პირს, ვისთანაც ტარდება დათვალიერება - ამ შემთხვევაში ნ. კ-ს - წარედგინა დადგენილება დათვალიერების შესახებ, განემარტა უფლება გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რაც აისახება ოქმში. ამასთან, ნ. კ-მ განაცხადა თანხმობა ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ნივთი. ტელეფონს აქვს ორი იმეი კოდი:, მასში მოთავსებულია სიმბარათი წარწერით - ,,წარმოადგენს მაგთიკომის საკუთრებას”.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლ. მ-ს ჩვენებას იმ ნაწილში, რომ, მართალია, 2013 წლის 12 სექტემბერს ის სარგებლობდა აღნიშნული მობილური ტელეფონით, მაგრამ მას ამ მობილური ტელეფონიდან არ დაურეკია 112-ში.
15. მსჯავრდებულ ლ. მ-ს ჩვენებით, ის სარგებლობს და 2013 წლის 12 სექტემბერსაც სარგებლობდა მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია. 2013 წლის 12 სექტემბერს, 09:20 საათზე, ჩავიდა მაღაზიაში ერთჯერადი ყავისა და ფუნთუშების საყიდლად, თან წაიღო ნაგვის პარკი. მე-5 კორპუსთან იდგა მისთვის უცნობი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დარეკვა სთხოვა. მან უთხრა, რომ ტელეფონზე ანგარიში არ ჰქონდა, რაზეც უცნობმა უპასუხა, რომ სასწრაფო უნდა გამოეძახებინა. მან მიაწოდა მობილური, თვითონ მივიდა ნაგვის გადასაყრელად, დაბრუნდა, გამოართვა მობილური, შევიდა მაღაზიაში და ავიდა სახლში. დაახლოებით 1-2 წუთში დაურეკეს საპატრულოდან და ჰკითხეს, სასწრაფო მან გამოიძახა თუ არა. მან უპასუხა, რომ უცნობს დაარეკვინა. ტელეფონში იკითხეს, შეჯახება ხომ არ იყო მომხდარი, რაზეც მან უპასუხა, რომ მსგავსი არ უნახავს. დაახლოებით 2 საათში კვლავ დაურეკეს და უთხრეს, რომ ,,საპატრიარქოს” ტელევიზიასთან ახლობელი ქალი იყო ცუდად და მიეკითხა. მან გათიშა ტელეფონი და დააპირა მისვლა, თან მეუღლეს სთხოვა გადაერეკა და გაერკვია, რაზეც უთხრეს, რომ შეეშალათ. შემდეგ ისევ შევიდა ზარი და უთხრეს, რომ გასაღები ჩაეგდოთ. დაახლოებით 1430 საათზე გამოვიდა მეუღლესთან ერთად სახლიდან, სადაც შეხვდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც მიესალმნენ. მან უთხრა, რომ ეშლებოდათ, რადგან არ იცნობდა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ ისინი იცნობდნენ, რის შემდეგაც გაიგო ხმა - ,,არ გაინძრეთ, პოლიციაა“. დაახლოებით იყო 6-7 პოლიციის თანამშრომელი, მისთვის არ განუმარტავთ უფლებები, ან მიზეზი, თუ რატომ მიჰყავდათ. სთხოვეს ტელეფონი, მან უთხრა, რომ მეუღლეს ჰქონდა, შემდეგ მეუღლეს უთხრა, რომ მიეცა მათთვის მობილური ტელეფონი, მეუღლემ შეაყოვნა ტელეფონის მიცემა, რის გამოც 2-3 ადამიანი ართმევდა მას ჩანთას. ერთ-ერთი მათგანი, როგორც შემდეგ გაიგო, იყო უფროსი დ. დ-ი. ის და მისი მეუღლე ჩასხეს ავტომანქანებში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ესმოდა მეუღლის ტირილი და ყვირილი. შემდეგ მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ აღიარა დანაშაული, რადგან ის ხანგრძლივად ჰყავდათ განყოფილებაში. მიუხედავად ამისა, მისი მეუღლე არ გაუშვიათ. ის დაკითხა ნ. მ-მ, ხოლო გამომძიებელი მ. ი-ე ბეჭდავდა ჩვენებას. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ მოუწერა ხელი ჩვენებებზე, დაადეს ხელბორკილი და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოში. მისი გაყვანისას მეუღლე გახდა ცუდად და სასწრაფო გამოიძახეს. შემდეგ მიიყვანეს მოდულის შენობაში. შემდგომში ნ. მ-ს სთხოვა ახალი ჩვენების მიცემა. ამ დროისათვის უკვე ჰყავდა ადვოკატი, თუმცა 2013 წლის 19 სექტემბერს ნ. მ-მ ჰკითხა, ადვოკატმა ძალით დააწერინა ჩვენება თუ ნებაყოფლობით მისცა. მან ასევე უთხრა, რომ შეეძლო იმ პირის ამოცნობა, ვინც ტელეფონი გამოართვა. აღნიშნული ასევე უთხრა 20 სექტემბერს მ. ი-ც.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დამაჯერებლად დასტურდება ის გარემოება, რომ ლ. მ-ა ჩაიდინა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება - მან დარეკა 112-ში, გაგზავნილი ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რითაც შეაფერხა ,,რ-ს” მუშაობა.
17. თავად მსჯავრდებულ ლ. მ-ა და მისი მეუღლის ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ მობილური ტელეფონი, საიდანაც განხორციელდა ზარი 112-ში, ეკუთვნის ლ. მ-ს და დროის იმ შუალედში, რა დროსაც მოხდა ეს ფაქტი, ის სარგებლობდა ამ მობილური ტელეფონით.
18. საქმეზე წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების - ე. კ-ა და ა. მ-ს ჩვენებებით ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონიდან დარეკა არა უცნობმა პირმა, არამედ თავად მსჯავრდებულმა ლ. მ-ა.
19. 2013 წლის 19 სექტემბრის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ხმის ნიმუშის აღებაზე თანხმობა განაცხადა ბრალდებულმა ლ. მ-ა. ხმის ნიმუშის აღება მოხდა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში და მისმა ხანგრძლივობამ შეადგინა 05:06 წუთი.
20. 2013 წლის 21 ოქტომბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ნ. მ-მ გახსნა პაკეტები და მასში მოთავსებული CD დისკებიდან დაკოპირებულ იქნა ლ. მ-ს ხმის ნიმუში და 112-ის ჩანაწერი, რის შემდეგაც დისკები კვლავ დაილუქა.
21. მოწმის სახით დაკითხული ე. კ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, იგი არის საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი. დანიშნული იყო ფონოსკოპიური ექსპერტიზა. მან სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ბრალდებულისაგან აიღო ხმის ნიმუში. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებული ჩანაწერი ტექნიკური თვალსაზრისით არის თავსებადი, ანუ სადავო ფონოგრამასთან ეტალონური ფონოგრამა არის იდენტური, ხოლო ლინგვისტური ანალიზის ჩატარება შეუძლებელია, რადგან მასალა არასაკმარისი იყო. ლინგვისტური და ტექნიკური ანალიზი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ მარტო ტექნიკური თვალსაზრისითაც ხდება იდენტურობის დადგენა. ტექნიკური თვალსაზრისით დასკვნა არის 100%-იანი.
22. მოწმის სახით დაკითხული ა. მ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი. მან დაადასტურა მის მიერ 2013 წლის 21 ნოემბერს გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი სადავო ფონოგრამა ნაწილობრივ ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის, ხოლო წარდგენილი ლ. მ-ს ხმის ნიმუში ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. სადავო ფონოგრამაზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი. ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ სადავო ფონოგრამაზე დაფიქსირებული დიქტორის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაზე დაფიქსირებული ლ. მ-ს ხმის ნიმუში სავარაუდოდ ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას. ექსპერტმა განმარტა, რომ ჩატარებულ ანალიზებზე დაყრდნობით არ არის შესაძლებელი, რომ ეს ხმა ეკუთვნოდეს სხვა პირს. მოწმემ დასკვნაში აღნიშნულ ტერმინზე ,,სავარაუდო” სასამართლოს მისცა განმარტება და განაცხადა, რომ ,,სავარაუდო“ ნიშნავს იმას, რომ მოცემული მონაცემებით ყველა თანადამთხვევა არსებობს, მაგრამ რადგან მცირე ნიუანსებით სრულად ვერ მოხდა გამოკვლევა, მიუთითეს სიტყვა ,,სავარაუდო“. მანვე დაამატა და განაცხადა, რომ ის, როგორც საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ექსპერტი ამ სფეროში, გამორიცხავს, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი, რომ ეს ხმა ეკუთვნოდეს სხვა პირს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამაში მითითებული ხმა და ლ. მ-ს ხმის ნიმუში ეკუთვნის ერთსა და იმავე პირს. სხვა პირის შემთხვევაში დასკვნაში დაიწერებოდა კატეგორიულად, რომ ხმები არ ეკუთვნის ერთსა და იმავე პიროვნებას, მანვე დაადასტურა, რომ ხმებზე არსებული მნიშვნელოვანი, ძნელად კონტროლირებადი თანადამთხვევიდან გამომდინარე, გამორიცხავს, რომ ხმა ეკუთვნოდეს სხვა პირს, ვინაიდან არსებული დამთხვევები არ შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა პირის შემთხვევაში, მით უფრო, რომ განსხვავებები ვერ იქნა აღმოჩენილი და დაფიქსირებული.
23. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ა. მ-ს ჩვენება, რადგან მათ საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით გადაეცათ დადგენილება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და მის საფუძველზე ჩატარებული თავად ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულით დარღვეულ იქნა მათი დაცვის უფლება.
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარემ წარადგინოს დამატებითი მტკიცებულება. მხარის შუამდგომლობით სასამართლო იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
25. საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 22 ოქტომბერს ბრალდების მხარემ და დაცვის მხარემ გაცვალეს იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ. იმავე დღეს ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მიერ შესაძლო მტკიცებულებათა თაობაზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია და დანიშნა დადგენილებით ფონოსკოპიური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. დადგენილება დაცვის მხარეს გადაეცა მეორე დღეს, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტის დასკვნა - საქმის არსებითი განხილვის დროს. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა როგორც ამ ექსპერტის დასკვნის მოცემულ საქმეზე დასაშვებად ცნობა, ასევე მოწმის სახით ექსპერტ ა. მ-ს დაკითხვა, რაზეც დაცვის მხარემ თანხმობა განაცხადა. ამდენად, 2013 წლის 22 ოქტომბერს ბრალდების მხარე ვერ გადასცემდა დაცვის მხარეს აღნიშნულ დადგენილებას ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნას, ვინაიდან გაცვლის მომენტისთვის მათ ხელთ არ ჰქონდათ ეს მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაცია. დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცა წინასასამართლო სხდომაზე როგორც მოცემული ბრალდების საქმის სხვა მასალების, ასევე აღნიშნული დადგენილების დასაშვებობისა და კანონიერების საკითხზე დაეყენებინა შუამდგომლობა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, მხარეების მიერ მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაციის გაცვლის შემდეგ მხარეების მიერ ახალი დამატებითი მტკიცებულების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში ამ საპროცესო დოკუმენტის, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების, მხარისათვის გადაცემის საკითხს საქმის არსებითი განხილვის სხდომამდე საპროცესო კანონმდებლობა არ აწესრიგებს, მაგრამ პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის უფლება არ დარღვეულა, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი იყო მისი დაცვის უფლებისთვის იმ საპროცესო გარანტიით, რომ გასცნობოდა როგორც დადგენილებას, ხოლო შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის დროს, მის საფუძველზე მიღებულ ფონოსკოპიური ექსპერტის დასკვნას და გამოეთქვა თავისი მოსაზრება ამ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით.
27. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით იგივე პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე მ-ი რუსეთის წინააღმდეგ (Mirilashvili v. Russia). ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაცვის უფლების შეზღუდვას აქვს ლეგიტიმური მიზანი, შემდგომ განხილულ უნდა იქნეს ის საკითხი, იყო თუ არა ამ უფლების შეზღუდვა დაბალანსებული სხვა საპროცესო გარანტიებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაბალანსებულ იქნა.
28. იგივე მოსაზრება აქვს ევროპულ სასამართლოს საქმეზე ჩ-ო უკრაინის წინააღმდეგ (Chopenko v. ukraine). ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ შესაძლებლობას, თუ რამდენად ობიექტურად მოხდა შემდგომ ეტაპზე საპროცესო ხარვეზის გამოსწორება. როგორც აღვნიშნეთ, დაცვის მხარეს მის სასარგებლოდ ბრალდების მხარემ გადასცა დადგენილება და ექსპერტიზის დასკვნა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნული ვერ ჩაითვლება იმ აბსოლუტურ დარღვევად, რაც სასამართლოს არ მისცემს შესაძლებლობას, მტკიცებულებებად გამოიყენოს აღნიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ა. მ-ს ჩვენება.
29. გასაჩივრებული განაჩენით ლ. მ-ს მსჯავრი დაედო ასევე იმაში, რომ მისი მოქმედებით ტელეკომპანია ,,რ-ს“ სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელი შეეშალა და მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი - 10000 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ. მ-ს მოქმედებით ტელეკომპანია ,,რ-ს“ სრულფასოვან ფუნქციონირებას შეეშალა ხელი, მაგრამ ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარესა და სააპელაციო სასამართლოს და მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა, რაც საკასაციო პალატას მისცემდა შესაძლებლობას, ჯეროვნად შეეფასებინა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ:
30. სასამართლო ამ გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ მოწმე ზ. კ-ს ჩვენებას, რომელიც წარმოადგენს დაზარალებული ტელეკომპანიის ინტერესებს. მისი ჩვენებით, განხორციელებულმა ცრუ შეტყობინებამ ტელეკომპანიას მიაყენა 10000 ლარის ზიანი. მას ეს ინფორმაცია მიაწოდა რეკლამების ხელმძღვანელმა და ენდო მხოლოდ მის ინფორმაციას. ხარჯთაღრიცხვის თაობაზე რაიმე დოკუმენტი წერილობით მათ არ წარუდგენიათ. ასევე საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ტელეკომპანიამ თანხობრივად განიცადა 10000 ლარის ზიანი. სააპელაციო სასამართლომ პირდაპირ გაიზიარა მოწმის ჩვენება და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად მიიჩნია, რომ მართლაც 10000 ლარის ღირებულების ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. როგორც აღვნიშნეთ, ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დაზარალებულ მხარეს წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დადგინდებოდა მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო იმსჯელებდა, თუ რამდენად იყო ეს ზიანი მნიშვნელოვანი ტელეკომპანია ,,რ-ს“.
31. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. მ-ს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება მნიშვნელოვანი ზიანი და, შესაბამისად, მისი მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
32. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს მსჯავრდებულ ლ. მ-ს პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, არ აქვს საცხოვრებელი სახლი, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ლ. მ-ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 21 (ოცდაერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
4. ლ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2014 წლის 20 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 12 სექტემბრიდან 2013 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
5. ლ. მ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე