დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.04.2015
საქმის ნომერი
99აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
08.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №99აგ-14 8 აპრილი, 2015 წელი

თ-ი ნ.- 99აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 13 დეკემბრის განაჩენით ნ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ,“ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და 363–ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 6 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 დეკემბრის დადგენილებით ნ. თ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 მაისის განაჩენით ნ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილით, 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ნ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 29 წლით, 7 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. .თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 მაისის განაჩენით ნ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. თ-ს სასჯელის ვადა აეთვალა 2010 წლის 27 იანვრიდან.

5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.

7. მსჯავრდებულმა ნ. თ-მა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა 2010 წლის 4 მაისის განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ: შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 18 ივნისს განიხილა #... და #.... განცხადებები - თ-ი საქართველოს წინააღმდეგ და საკითხის განხილვის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება ორივე ზემოთ ხსენებული საქმის გაერთიანების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარებული ევროკონვენციის მე-3, მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევის გამო, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ზემოთ ხსენებული განცხადებები ამოიღო მის მიერ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ვინაიდან საქართველოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის თანხის ოდენობა არ იყო დასაბუთებული, მსჯავრდებულმა განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მიუთითა განმცხადებლის უფლებაზე, რომ მოითხოვოს მესამე სისხლის სამართლის საქმის - № ... წარმოების განახლება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მაისს გამოტანილი აქვს გამამტყუნებელი განაჩენი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნული განაჩენის გადასინჯვის აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების ცალმხრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით.

მსჯავრდებული განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფომ იგი შეიწყალა და გაათავისუფლა ყველა სასჯელისაგან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წელს პოლიციამ სრულიად უსაფუძვლოდ, წარსულში ნასამართლეობის გამო, მისი დაკავების არაერთგზის მცდელობის შემდეგ მოუწყო პროვოკაცია და დააკავა, გადაწყვიტა შუამდგომლობის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

შუამდგომლობის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც მის მიერ 2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შეტანილი განცხადების (შუამდგომლობის) განმარტებად.

2014 წლის 29 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა დამატებით წარადგინა მასალები, რაც, მისივე განმარტებით, ადასტურებს, რომ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა და რომ მის მიმართ კვლავ გრძელდება წამება და არაადამიანური მოპყრობა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. თ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. მსჯავრდებული ნ. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის დადგენილების შესრულებას და ადეკვატურ მკურნალობას. ამასთან, უთითებს, რომ კვლავ არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. ასევე გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.

4. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის აპელირება არაადეკვატური მკურნალობისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს და მასზე რეაგირება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მოთხოვნის კუთხით სცილდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას.

5.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი