დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №22აგ-15 24 აპრილი, 2015 წელი გ-ე გ., 22აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე, – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით, მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ს ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები – გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის ,,კ“ და მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ნოემბრისა და 1 დეკემბრის განჩინებებით გ. გ-ს ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებზე; მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით გ. გ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონი.
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ს ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,კ“ პუნქტიდან – 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე; გ. გ-ს მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა:
სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შეიცვალა: გ. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენის გათვალისწინებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულმა გ. გ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და სასჯელის ზომად 13 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1960 წლის რედაქციის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან და დანიშნული სასჯელიც უნდა შემცირდეს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ზომამდე – 17 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
კასატორი ასევე უთითებს, რომ მან შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განეხილა მისი შუამდგომლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ პუნქტის, 313-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმებას, მისი შუამდგომლობის გადაცემას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის და დანიშნული სასჯელის 3 წლით შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა და საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს. მსჯავრდებული შუამდგომლობაში უთითებს იმ საკითხებს, რაზეც უკვე იმსჯელა საკასაციო პალატამ და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (2008 წლის 7 ნოემბერი, №83საზ).
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე