დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№67აგ-15 7 დეკემბერი, 2015 წელი
ა-ე ბ, 67აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ს ადვოკატის - დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 27 აპრილიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ა-მ და მოითხვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ იგი თავს იცავდა და მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ბ. ა-ს ქმედების საქართველოს სსკ–ის 122–ე მუხლზე გადაკვალიფიცირება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ა-ა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ა-მ და მისმა ადვოკატმა გ. ჩ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქარველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2015 წლის 4 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ბ. ა-მ და მისმა ადვოკატებმა - დ. ხ-ა და ნ. რ-ა.
შუამდგომლობის ავტორები უთითებენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, არასამართლიანი და ტენდენციური, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით დაზიანებების მიყენების მექანიზმის დადგენის მიზნით დამოუკიდებელ საექსპერტო ბიუროში - შპს „-ი“ (ექსპერტ მ. ნ-ნ) დაენიშნათ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა. საექსპერტო კვლევა დამთავრდა 2015 წლის 14 აპრილს და ექსპერტის მიერ გაცემული სასამართლო–სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ისეთი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც არ იყო ცნობილი არც ერთ სასამართლო ინსტანციაში, სახელდობრ:
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ. ა-ე დაზიანებები შესაძლოა, მიყენებული იყოს ასფალტირებულ ზედაპირზე დაცემა–წაქცევის დროს, ანუ ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ ბ. ა-ე ცემის შედეგად წაიქცა და იმყოფებოდა მოგერიების მდგომარეობაში;
დაზარალებულ ნ. შ-ე, ლ. ბ-ა და პ. ფ-ე მიყენებული დაზიანებები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მცირე სიღრმისა და ზედაპირული ნაკვეთ–ნაჩხვლეტი დაზიანებები მიყენებულია ირიბად მსხვილი კუთხით, წინასწარი აჩქარების გარეშე, კონფლიქტში მონაწილე პირების ურთიერთგადანაცვლების დროს, ე.წ. „დანის ქნევის“ პირობებში, რამაც გამოიწვია არაღრმა და ზედაპირული „ტეხილი“ ფორმის დაზიანებების წარმოქმნა. აღნიშნულით კი დასტურდება მსჯავრდებულის მხრიდან დანის ქნევისა და თავდაცვის ფაქტი;
წაქცეულის ცემისა და მის მიერ თავდამსხმელთა მოგერიების ფაქტს ამყარებს დაზარალებულთა სხეულზე დაზიანებების არსებობა სრულიად განსხვავებულ ზომებში და ტერფის ძირიდან სრულიად განსხვავებულ სიმაღლეზე, რაც არ შეიძლებოდა განვითარებულიყო ერთ სიმაღლეზე თავდამსხმელისა და დაზარალებულის დგომის პირობებში.
შუამდგომლობის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს იმ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც გამორიცხავს ბ. ა-ს მხრიდან განზრახვის ფაქტს და რომლის საფუძველზეც აუცილებელია გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 7 მაისს წარმოდგენილი შუამდგომლობით ბ. ა-ს ადვოკატმა დ. ხ-ა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებით არგუმენტად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დღეისათვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება, ხოლო 78–ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, აღნიშნული ნორმა ბ. ა-ს მიმართ საქმის განხილვის დროისათვის არ არსებობდა, ხოლო ამჟამად იგი ამსუბუქებს (აუმჯობესებს) მსჯავრდებულის მდგომარეობას, რის გამოც საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, უნდა ჩაითვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ა-ა და მისი ადვოკატების - დ. ხ-ა და ნ. რ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ ბ. ა-ს ადვოკატმა დ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს.
ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული სხვა გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. ა-ა და მისი ადვოკატების - დ. ხ-ა და ნ. რ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. ა-ს ადვოკატის - დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ა-ა და მისი ადვოკატების - დ. ხ-ა და ნ. რ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე