შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №420აპ-15 ქ. თბილისი
ა-ი ნ, 420აპ-15 22 იანვარი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 მარტის განაჩენით ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 14 სექტემბრიდან.
2. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 წლით, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 10 წლით.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილებაში უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2005 წლის 11 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 13 თებერვლიდან. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად - 2008 წლის 12 თებერვალს.
5. ნ. ა-ა დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. 2014 წლის 14 სექტემბერს, 19.10 საათისათვის, ქ. თ-ი, სოფელ ფ-ი, ა-ს ქუჩისა და რ-ს ქუჩის პირველი ჩიხის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ა-ი თან უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ - 0,3135 გრამ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონაა 0,1034 გრამი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილებით ნ. ა-ი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
7. 2014 წლის 14 სექტემბერს ქ. თ-ი ნ. ა-ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად კვლავ დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი მაშინ, როდესაც უკვე იყო ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი.
8. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
9. მსჯავრდებული ნ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.
10. მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ა-ს გამართლებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდების ნაწილში, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ბრალდების ნაწილში - სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ნ. ა-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - გ. გ-ს, ვ. ნ-ს, გ. ტ-ს, ბ. ბ-ს ჩვენებებით, ბრალდებულ ნ. ა-ს ჩვენებებით, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრის დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რის საფუძველზეც მის ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რასაც პალატაც ეთანხმება.
4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების თანახმად, შემსუბუქდა აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი, საკასაციო პალატა ახალი ცვლილების ფარგლებში მსჯელობს მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიმართ სასჯელის დანიშვნაზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ: ნ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას.
5. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია).
7. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს და მას სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ. წ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
11. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისია პასუხისმგებლობის სხვა არასაპატიმრო ალტერნატივები.
12. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.
13. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ნ. ა-ი წარსულში ნასამართლევია, მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, განსხვავებით სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილისაგან (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას და პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანის“ შეძენა/შენახვისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალა კონსტიტუციის შეუსაბამო სასჯელად, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და, შესაბამისად, მიზანშეწონილია, ამ დროს გამოყენებულ იქნეს სანქციის მეორე არასაპატიმრო ალტერნატიული სასჯელი - ჯარიმა.
14. ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ნ. ა-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩადენილი არაერთგზის, დანიშნული სასჯელი - 8 წელი უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. ნ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. მსჯავრდებულ ნ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტთან (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის სახით განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა-ს მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 14 სექტემბრიდან.
6. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 წლით, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 წლით, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 10 წლით.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი