დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.02.2016
საქმის ნომერი
260აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.02.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№260აგ-15 16 თებერვალი, 2016 წელი

ო-ე გ, 260აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 6 თვით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 თვით, მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით გ. ო-ს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 15 მარტიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის დადგენილებით გ. ო-ე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე – 1 წლით, 5 თვითა და 27 დღით ადრე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენით გ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე, 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ო-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით შთანთქმის პრინციპით დანიშნული სასჯელი, რომელიც დამატებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე და განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ გ. ო-ს მოსახდელად დარჩა 10 წლით, 1 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 აპრილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ო-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვდა იმის გარკვევას, თუ რატომ არ მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი მთლიანად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2013 წლის 3 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ო-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 წელი და 6 თვე და განესაზღვრა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად. მსჯავრდებულ გ. ო-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 ოქტომბრის, #09/10/01 განკარგულებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული გ. ო-ე შეწყალებულ იქნა და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

2015 წლის 5 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ო-მ მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედების მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებულმა გ. ო-მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ამჟამად მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის განსაზღვრული სასჯელი არ შეცვლილა, კანონის ცვლილებას არ გამოუწვევია მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ შეესაბამება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ო-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე