დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №82აგ-15 23 თებერვალი, 2016 წელი
რ-ი ზ.- 82აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
ზ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით; 273-ე მუხლით (2014 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) – 6 თვით; 273-ე მუხლით (2014 წლის 20 თებერვლის ეპიზოდი) – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეკრების წესით, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. რ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით ზ. რ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2014 წლის 20 თებერვლიდან.
მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2015 წლის 20 ივლისს მსჯავრდებულმა ზ. რ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რომლითაც ითხოვა შეკრებითობის პრინციპით დანიშნული სასჯელის გაუქმება და მისი შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებულ ზ. რ-ის პირადი საქმიდან ირკვევა, რომ მან 2015 წლის 4 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ზ. რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენში, კერძოდ: ზ. რ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. რ-მა.
ზ. რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს: შეკრებითობის პრინციპით დანიშნული სასჯელის შეცვლას; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებების გათვალისწინებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ივნისის განაჩენით სასჯელი დანიშნული აქვს ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად.
რაც შეეხება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის იმ ნაწილს, რომლითაც ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილების გათვალისწინებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენში უკვე ნამსჯელი აქვს ამ მოთხოვნაზე.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. რ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი