საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №346აპ-15 ქ. თბილისი
ს-ი ზ.- 346აპ-15. 11 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის, მსჯავრდებულების - ზ. ს-ისა და დ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. პ-ისა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ზ. ს-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) – 6 წლით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - 3 წლით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) – 6 წლით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) – 6 წლით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მესამე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ზ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ს-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 11 დეკემბრიდან
იმავე განაჩენით დ. თ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
დ. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა დ. თ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით რ. მ-ის (პ/N …) საკუთრებაში არსებული 59.37კვ.მ უძრავი ქონების - 20.000 ლარის ღირებულების წილს, რომელიც მდებარეობს: ბ-ში, გ-ის ქ. №…-ში (ზონა - ბ-ი - …, სექტორი - …, კვარტალი - …, ნაკვეთი - …, კოდი - …).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - ზ. ს-ისა და დ. თ-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის, მსჯავრდებულების - ზ. ს-ისა და დ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. პ-ისა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი