საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №21აპ-16 ქ. თბილისი
მ-ი გ. 21აპ-16 11 მაისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მამუკა კოპალიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენით გ. მ-ი, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე გ. მ-ს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ნივთმტკიცება - 1 დისკი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
4. განაჩენით მსჯავრდებულ გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 00.50 საათზე, თბილისში, ..... №......-ში მდებარე შპს „.....“ გ. მ-ი ფარულად დაეუფლა საკვებ პროდუქტს და ავტომანქანის არომატიზატორებს. გ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „.....“ მიადგა 60 ლარისა და 75 თეთრის ქონებრივი ზიანი.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი მამუკა კოპალიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონით დადგენილი შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ბ. ფ-სა და ო. ნ-ის ჩვენებებით, გ. მ-ის მოწმისა და ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
3. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
4. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მარტის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად დაენიშნა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.
5. 1-ლი ინსტანციით საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა და საქმეს დაერთო შემდეგი დოკუმენტები: 2015 წლის 15 მაისის მიმართვის წერილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2015 წლის 8 ივნისის მიმართვის წერილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან თანდართული ქვითრის ასლებით, 2015 წლის 3 ივლისის მიმართვის წერილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს და 2015 წლის 7 ივლისის წერილი აღსრულების ეროვნული ბიუროდან.
6. ამ დოკუმენტების თანახმად, გ. მ-ს სრულად არ აქვს მოხდილი აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი, კერძოდ, მას დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ნაწილი - მხოლოდ 1000 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო დარჩენილ 1000 ლარზე მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
7. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
8. ამდენად, მსჯავრდებული გ. მ-ი ახალი დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენის გამოტანის დროისათვის - 2015 წლის 12 აგვისტოსათვის ითვლება ნასამართლობის მქონედ, შესაბამისად, სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
9. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით. მსჯავრდებულ გ. მ-ს აღნიშნული განაჩენით სასჯელად დანიშნული აქვს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.
10. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
11. აღნიშნული არ მიუღია მხედველობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს გ. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას.
12. სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განაჩენი გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნის მხედველობაში მიღებით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარეს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ ეკავა ანალოგიური პოზიცია და მიუთითა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. სახელმწიფო ბრალმდებელს ასეთი პოზიცია ეკავა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და სწორედ ამ მოთხოვნით გაასაჩივრა 1-ლი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ: 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, მხარეებმა სადავოდ არ გახადეს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე და ამასთან, დაკმაყოფილდა პროკურორ გოჩა ქორაიას შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ზემომითითებული წერილობითი დოკუმენტები. დოკუმენტების მიხედვით, როგორც აღვნიშნეთ, მსჯავრდებული გ. მ-ი ითვლება ნასამართლობის მქონედ.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა მტკიცებულებების სახით მიუთითებს მის პოზიციაზე, რომ ეს მტკიცებულებები უნდა გათვალისწინებულიყო განაჩენის გამოტანის დროს; სასამართლოს კი აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, რისი ვალდებულებაც მოსამართლეს ჰქონდა, სასჯელი უნდა დაენიშნა რეციდივის გათვალისწინებით.
15. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები მთლიანად დაცულია: ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ისეთი მოთხოვნით, რომლის შესაბამისი პოზიციაც ეკავა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
17. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, აგრეთვე იმას, რომ მსჯავრდებული თავს ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ. მ-ს სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
18. გ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ მამუკა კოპალიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. გ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე გ. მ-ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ნივთმტკიცება - 1 დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი