საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.06.2016
საქმის ნომერი
2კ-29აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №29აპ-16 ქ. თბილისი

ს-ე ვ. 29აპ-16 8 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის განაჩენით:

ვ. ს-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

ვ. ს-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელისაგან ვ. ს-ს 7 თვითა და 3 დღით ადრე, პირობით ვადამდე გათავისუფლება.

საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ს-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით, 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 27 თებერვლიდან იმავე წლის 12 მარტის ჩათვლით - 14 დღე და 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 20 ივლისის ჩათვლით - 8 თვე და 23 დღე, სულ - 9 თვე და 7 დღე. ვ. ს-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 21 ივლისიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლებები, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

გაუქმდა ვ. ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობა და გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, კ. კ-ს (პირადი ნომერი …..) საკუთრებაში არსებულ, ….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართობით ….. კვ.მ., საკადასტრო კოდი ….. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

ნივთმტკიცება - შავი ფერის ხელჩანთა, რომელიც დაუბრუნდა დაზარალებულ ე. ტ-ეს, უნდა დარჩეს მის საკუთრებაში; ვიდეოჩანაწერების ამსახველი ორი ცალი CD დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

მსჯავრდებულ ვ. ს-ეს განემარტა, რომ მას, როგორც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ვ. ს-ის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი