დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.06.2016
საქმის ნომერი
539აგ.-2015
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №539აგ-15 თბილისი

გ-ე გ. 539აგ-15 20 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 12 წლით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით, 135-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით - გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის პირველი ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის პირველი დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩა ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.

4. ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ს ქმედება ადრე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის პირველი ივნისიდან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები - გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის „კ“ და მე-19,109-ე მუხლის „ო“ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ გ. გ-ეს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 ნოემბრისა და პირველი დეკემბრის განჩინებებით გ. გ-ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ პუნქტებზე, მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით გ. გ-ს მიმართ არ იქნა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის „გ“, „ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის მე-19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის „კ“ პუნქტიდან - 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, გ. გ-ს მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის „ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

10. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილისა და 2015 წლის 15 მაისის განჩინებებით შეიცვალა: გ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის პირველი დეკემბრის განჩინება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენის გათვალისწინებით) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

15. 2015 წლის 13 ნოემბერს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

17. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს ანალოგიური შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი