გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 06.06.2016
საქმის ნომერი
2კ-6აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №6აპ-16 ქ. თბილისი

მ-ი თ. 6აპ-16 6 ივნისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. მ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, 5 წლით პირობითი მსჯავრი, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, რომელიც არ არის აღსრულებული.

3. ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევ თ. მ-ს 2013 წლის 9 მაისს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონის, კოკაინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და ექსტაზის ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით, უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განაჩენით თ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

5. თ. მ-ს აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

6. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ანა კალანდაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად თ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქმის მასალების მიხედვით, თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდება წარედგინა 2015 წლის 4 მაისს, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები: პატრულ-ინსპექტორ ი. ნ-ის პატაკი და ადმინისტრაციული მასალები, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ი. ნ-ის ჩვენება, აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული წერილი.

3. აღნიშნული მტკიცებულებები არც დაცვის მხარემ გახადა სადავოდ. ბრალდებულმა თ. მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, კერძოდ: 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, რაც არ გადაუხდია. ამის შემდეგ, 2013 წლის 9 მაისს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონის, კოკაინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და ექსტაზის მოხმარების ფაქტი, რასაც აღიარებს.

4. გარდა აღიარებითი ჩვენებისა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება თ. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, რაც არაა გადახდილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 7 წლით, 7 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი, 7 თვე და 7 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით, რაც არაა გადახდილი.

7. ადმინისტრაციული მასალებით დასტურდება, რომ 2013 წლის 9 მაისს თბილისში, ..... ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს თ. მ-ი, რომელიც იწვევდა ეჭვს, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. პატრულ-ინსპექტორ ი. ნ-ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 9 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა თ. მ-ი, რომელსაც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2013 წლის 9 მაისს, ნარკოლოგიური შემოწმებისას, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, თ. მ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონის, კოკაინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და ექსტაზის მოხმარების ფაქტი.

8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით თ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც, თ. მ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად შეეხო თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელს, ისე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადას, გარდა ჯარიმისა.

9. თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილების თანახმად, თ. მ-ს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარი არ გადაუხდია.

10. ამდენად, 2013 წლის 9 მაისის მდგომარეობით, თ. მ-ი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირია, ვინაიდან მას არ გადაუხდია სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჯარიმა არ არის გადახდილი, დასტურდება არა მარტო თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილებით, არამედ თავად ბრალდებულის ჩვენებით, რომელიც ადასტურებს, რომ ჯარიმა არ გადაუხდია. თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილით ასევე ირკვევა, რომ ბიუროს თ. მ-ვის გაგზავნილი აქვს შეტყობინება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაჰბარდა მოვალის ოჯახის წევრს. ვინაიდან მოვალემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ არ წარადგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალეს რეგისტრაციაში გაატარა მოვალეთა რეესტრში, შესაბამისად, 2013 წლის 9 მაისის მდგომარეობით, იგი ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულისათვის.

11. თ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მაგრამ ამნისტიის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლება ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ, ისე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, გარდა ჯარიმისა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ეხებოდა ჯარიმებს, თ. მ-ს კი სასჯელად დანიშნული ჰქონდა ჯარიმა, რომელიც არ აქვს გადახდილი, 2013 წლის 9 მაისს, როდესაც თ. მ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, იგი იყო ნასამართლობის მქონე ნარკოტიკული დანაშაულისათვის.

12. ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევ თ. მ-ს 2013 წლის 9 მაისს კვლავ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტადონის, კოკაინის, ამფეტამინის, მეტამფეტამინისა და ექსტაზის ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორებით, უკანონოდ მოხმარების ფაქტი, ანუ სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

13. 2013 წლის 2 ოქტომბერს თ. მ-ი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, მას მოეხსნა ნასამართლობა და ასევე გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელებისაგან.

14. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თ. მ-მ ქმედება ჩაიდინა 2013 წლის 9 მაისს, ამ დროისათვის მის მიმართ დანიშნული ჯარიმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ იყო გადახდილი და შესაბამისად, ის ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების შესახებ განკარგულების მიუხედავად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დისკრეციული უფლებამოსილების თანახმად, პროკურორს, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, შეეძლო განეხორციელებინა თ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

15. პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება არ ჰქონდა, 2015 წლის 4 მაისს თ. მ-ის მიმართ დაეწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან ბრალის წარდგენის დროისთვის გამოძიებას ხელთ ჰქონდა თ. მ-ის მიმართ 2013 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განჩინება ამნისტიის გამოყენების შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების შესახებ განკარგულება, რაც იყო არსებითი მტკიცებულება ნასამართლობის საკითხის გასარკვევად და რაც გამოძიებას ბრალის წარდგენისას სათანადოდ უნდა შეეფასებინა. 2015 წლის 4 მაისს, თ. მ-ს მიმართ ბრალის წარდგენისას, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების შესახებ განკარგულებით მას ნასამართლობა ჰქონდა მოხსნილი წინა განაჩენით დარჩენილი ჯარიმის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებითა და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების დაცვით გამოძიებას საფუძვლად არ უნდა დაედო ნასამართლობის მოხსნა.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის შეწყალების შესახებ განკარგულების მე-4 პუნქტში გაკეთდა დათქმა, თუ ვისზე არ შეიძლება გავრცელებულიყო აღნიშნული შეწყალება, კერძოდ: იმ პირთა მიმართ, რომლებიც განკარგულების გამოცემის დროს იმყოფებოდნენ პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ან რომელთა მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და იმყოფებოდნენ ძებნაში. ასეთ პირთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა თ. მ-ი და მას მოეხსნა ნასამართლობა განაჩენით დანიშნული ჯარიმის ნაწილშიც. თუმცა, თ. მ-ი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვალა 2013 წლის 2 ოქტომბრიდან და იმ შემთხვევაში, თუ იგი ახალ დანაშაულს ჩაიდენდა 2013 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, მის მიმართ ნებისმიერი საკითხი გადაწყდებოდა როგორც ნასამართლობის არმქონე პირის მიმართ. მაგრამ თუ თ. მ-ი არ დააკმაყოფილებდა განკარგულების მე-4 პუნქტში აღნიშნულ დათქმას, 2013 წლის 2 ოქტომბრის შემდეგაც ისევ ჩაითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2015 წლის 4 მაისს, თ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროს, ის, პრეზიდენტის შეწყალების გამო, უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონედ 2013 წლის 2 ოქტომბერს პრეზიდენტის შეწყალებამდე ჩადენილი დანაშაულის დროს. პირიქით: თ. მ-ი 2013 წლის 9 მაისს, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს, იყო ნასამართლობის მქონე და შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა. თუ თ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა 2013 წლის 9 მაისს და არა - 2015 წლის 4 მაისს, მასზე საერთოდ ვერ გავრცელდებოდა პრეზიდენტის შეწყალების განკარგულება და იგი 2013 წლის 2 ოქტომბრის შემდეგაც ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისათვის ჩაითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ანალოგიურ საქმეებზე როგორც 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე (საქმე#1ბ/535-15; 167აპ-14; 1/2753-15; 1/6945-14; 1/7587-14; 1/7304-14).

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ხოლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მისი პიროვნება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ, თ. მ-მ აღიარა დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი თ. მ-ის მიმართ.

3. თ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი